„წარუმატებელი სეზონი ორმა ფაქტორმა განაპირობა“ | ძოლა ნაპოლიზე
ჯანფრანკო ძოლამ სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის, „ნაპოლის“ მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ თამაშზე ისაუბრა. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დაასახელა ორი მიზეზი, რომლებმაც „პარტენოპეის“ წარუმატებლობა განაპირობა.
„ჩემი აზრით, არსებობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებმაც ნაპოლის წლევანდელ სეზონზე გავლენა მოახდინეს. მთავარი რა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტის წასვლაა, რომელიც გასულ სეზონში ფეხბურთელებს თავის იდეებს ბრწყინვალედ უხსნიდა და გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტით ათამაშებდა.
მეორე ფაქტორი ალბათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უკავშირდება, რომლებსაც ჩემპიონობის შემდეგ, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონის საწყი ეტაპზე, გაუჭირდათ ეჩვენებინათ ის ფეხბურთი, რომელიც გასულ გათამაშებაში აჩვენეს. ამან მთელ გუნდზე მოახდინა გავლენა და ნაპოლიმ წარმატება ვეღარ გაიმეორა“.
შეგახსენებთ, რომ 34 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ ევროტურნირების ზონას 7 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 6 მაისს ელის. თბილისის დროით, 22:45-ზე, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „უდინეზეს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 29 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.