მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები
სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის ნიდერლანდურმა ვერსიამ ევროპის ტოპ 15 ჩემპიონატში მოთამაშე ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებმაც აპრილში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. ტოპ 3-ში ქართველ ფეხბურთელს ვხედავთ და გიორგი მიქაუტაძე 4 თამაშში შეგდებული 6 ბურთით მე-3 პოზიციას იკავებს.
„მესამე ადგილზე ნაცნობ სახეს ვხედავთ: გიორგი მიქაუტაძე, ვინც მეცის ღირსებას იცავს. აიაქსში ალბათ სერიოზულად დაფიქრდებიან, როცა მე-3 პოზიციაზე მყოფ ფეხბურთელს დაინახავენ. ამსტერდამში გატარებული არც თუ ისე წარმატებული პერიოდის შემდეგ, გიორგი ნაცნობ გარემოში დაბრუნდა და ქართველი ფეხბურთელი აპრილში შესანიშნავი იყო.
მეცის თავდამსხმელმა გოლი ოთხივე შეხვედრაში გაიტანა და მის ანგარიშზე 6 ბურთია, რაც ნიშნავს, რომ მატჩში საშუალოდ 1.5 გოლი გააქვს. აიაქსიდან განათხოვრებულმა ფეხბურთელმა ბრესტთან და ლანსთან 2-2 ბურთი შეაგდო, ლე ავრთან და ლილთან კი თითო-თითო გოლი გაიტანა“, - წერს ცნობილი სააგენტო.
საინტერესოა, რომ აპრილში მიქაუტაძეზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კოულ პალმერსა და ბრუნო ფერნანდეშს ჰქონდათ, რომლებმაც 7-7 გოლი გაიტანეს, მაგრამ გიორგიზე მეტ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ფერნანდეშმა 6 მატჩი ჩაატარა, პალმერმა - 5.