რაულს გერმანიაში იწვევენ
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი რაული, რომელიც ბოლო წლებში მშობლიური „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობს, გერმანიის საფეხბურთო კლუბების სამიზნედ იქცა. საუბარია ბერლინის „უნიონსა“ და „ჰამბურგზე“, რომლებიც გონსალეს ბლანკოს აგენტთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებენ.
„უნიონ ბერლინმა“ ბუნდესლიგაში ადგილი პრაქტიკულად შეინარჩუნა, თუმცა მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან პლეი-აუტში თამაში ჯერ კიდევ ემუქრება, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელები ნენად ბიელიცას მუშაობით უკმაყოფილონი არიან და სეზონის დასრულებისთანავე მის მოხსნას აპირებენ. რაც შეეხება „ჰამბურგს“, ეს კლუბი მეორე ბუნდესლიგაში მეოთხე პოზიციაზეა და მესამე ადგილს, რომელიც გადასასვლელ პლეი-ოფში ასპარეზობის საშუალებას იძლევა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ოთხი ქულით ჩამორჩება. გუნდს კი შტეფან ბაუმგარტი ამზადებს, რომელსაც ბიელიცას მსგავსად, ივნისში წასვლას უწინასწარმეტყველებენ. „შპორტფერაინის“ პრეზიდენტს რაულის კანდიდატურა ფელიქს მაგათმა ურჩია, რომელიც ესპანელ ფორვარდს კარიერის ბოლო წლებში „შალკეში“ თამაშისას წვრთნიდა.
ფეხბურთელობისას გონსალეს ბლანკომ „რეალის“ შემადგენლობაში 6-ჯერ ლა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და ერთხელ უეფას სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, რაულმა „რეალის“ 19-წლამდე გუნდს 2020 წელს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. „კასტილიამ“ კი საერთო ჯამში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 167 მატჩიდან 70 მოიგო, 51 ფრედ დაასრულა და 46 წააგო.