ფერმინი და ფერანი კვარას სანაცვლოდ - ბარსას ახალი გეგმა
უკვე დიდი ხანია წამყვან კატალონიურ სპორტულ გამოცემებში ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ იწერება და მიუხედავად ამისა, აქამდე ტრანსფერი რეალობას იყო მოკლებული. ამის მიზეზი მარტივია - „ბლაუგრანა“ იმდენად რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, ძნელად წარმოსადგენია „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 120 მილიონი ევრო გადაეხადა.
სწორედ ამიტომ, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებმა ნეაპოლელებს ახალი წინადადებით მიმართეს - ისინი მზად არიან გარკვეულ თანხასთან ერთად, მათ კვარაცხელიას სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი, ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი დაუთმონ. ჯერჯერობით დე ლაურენტისის პასუხი ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ამბობენ მას როგორც ფერმინი, ასევე ფერანი ძალიან მოსწონს და თვლის, რომ „ნაპოლის“ სწორედ მათი მსგავსი სათამაშო სტილის ფეხბურთელები სჭირდება. ორივე ფეხბურთელის გაშვებაზე კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესისგან თანხმობა მიღებული აქვს და ამ უკანასკნელს იმდენად სურს თავის გუნდში ხვიჩას ხილვა, რომ მზად არის ლოპესი-ტორესის დუეტს შეელიოს.
წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 38 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ კი იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 34 ტურის შემდეგ 50 ქულით მეცხრე ადგილზეა.