ლევერკუზენის 2024 წლის მაგია - 46-დან 10 გოლი კომპენსირებულ დროში
14 აპრილს საკუთარ სტადიონზე „ვერდერის“ (5:0) დამარცხებისა და არსებობის ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის განაღდების შემდეგ, „ლევერკუზენმა“ ზედიზედ სამ მატჩში ითამაშა ფრე და სამივე შემთხვევაში მარცხთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ყველა ჯერზე ისინი გადარჩნენ. „ვესტ ჰემთან“ „ფარმაცევტები“ წაგებისგან 89-ე წუთზე ჯერემი ფრიმპონგმა, „დორტმუნდთან“ 97-ეზე იოსიპ სტანიშიჩმა, „შტუტგარტთან“ კი 96-ეზე რობერტ ენდრიხმა იხსნა.
ჩაბი ალონსოს მომზადებული გუნდი და არბიტრის მიერ კომპენსირებული დრო უკვე ცალკე საუბრის თემად იქცა - 2024 წელს ყველა ტურნირზე მათ ანგარიშზე არსებული 46 გოლიდან, „ბაიერის“ ფეხბურთელებმა 10 მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში, 18 კი მეოთხმოცედან 90-ე წუთამდე პერიოდში გაიტანეს, რაც კლუბის საოცრად ძლიერ მენტალიტეტზე მეტყველებს. ყველა ტურნირზე ალონსოს გუნდს უკვე 46-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რითაც უკვე რამდენიმე კვირაა ყველა დროის რეკორდსმენად იქცა.
ახლა მათი მთავარი მისია ყველა ტურნირის თუ არა, ბუნდესლიგის წაუგებლად დასრულებაა, სადაც სამი ტურია დარჩენილი და ლევერკუზენელები სტუმრად „აინტრახტთან“ და „ბოხუმთან“ მატჩების შემდეგ, გათამაშებას „აუგსბურგთან“ საშინაო შეხვედრით დაასრულებენ. დღეს კი ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ რაუნდში სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდებიან.