35 მილიონი მამარდას სანაცვლოდ? - პსჟ ბრძოლაში შედის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-მა შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის დამატება სცადოს. პარიზულ კლუბთან დაახლოებული სააგენტო PSGTalk-ის ინფორმაციით, თუ ჯანლუიჯი დონარუმა ზაფხულში გუნდს დატოვებს, ლუის ენრიკე მის შემცვლელად ქართველი მეკარის მოყვანას ეცდება.
გუშინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ტურის წინ, „ოსასუნასა“ და „ვალენსიას“ მატჩს პარიზული კლუბის სკაუტები დაესწრნენ და მამარდაშვილის თამაში ახლოდან ნახეს.
პარიზელებს კონკურენციის გაწევა რამდენიმე ევროპულ გრანდთან მოუწევს. ევროპულ მედიაში იწერება, რომ გიორგი მამარდაშვილის დამატებით მადრიდის „ატლეტიკო“, მიუნხენის „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან.
ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 12 შეხვედრაში შეინახა. Transfermark-ის ვერსიით, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.