„ჩელსი კვარას ტრანსფერზე მუშაობს, ხვიჩა თანახმაა ინგლისში გადავიდეს“
ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ იტალიურ პრესაში დიდი ხმაურია ატეხილი. სანამ მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები არ შედგება, იქამდე მედია უამრავ ინფორმაციას ავრცელებს და ფეხბურთელის მიმართ არსებული დაინტერესებული მხარეების შესახებ წერს.
იტალიელი ჟურნალისტი დამიანო ერ ფაინა Twich-ზე Controcalcio-ს პირდაპირ ეთერში „ჩელსისა“ და კვარას შესახებ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.
„კვარაცხელიას შეუძლია ნაპოლი დატოვოს, რადგან ჩელსი მას ეძებს და უკვე მის ტრანსფერზე მუშაობაც დაწყებული აქვთ. როგორც ვიცი, ხვიჩამ პრემიერ ლიგაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ნება მომეცით აგიხსნათ, რომ კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ის არ იტყვის უარს ისეთ მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე, როგორც ჩელსის აქვს.
ნეაპოლელები მის სანაცვლოდ მინიმუმ 75 მილიონს ითხოვენ.
თუ, კვარაცხელია ხელშეკრულებას განაახლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ნაპოლიდან არ წავა. მე უკვე გითხარით ჩელსის მხრიდან დიდი ინტერესის შესახებ და ის არ იტყვის ამაზე უარს.
ნაპოლიში ახლა რთული ვითარებაა. მწვრთნელის საკითხთან დაკავშირებით დიდი რისკებია, რადგან, თუ გუნდი პირველ სამ თამაშს წააგებს და ცუდი სტარტი გამოუვა, არავინ იცის შემდეგ რა მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი „ბარსელონასა“ და პსჟ-საც აქვთ. დე ლაურენტისს ქართველის შენარჩუნება სურს, თუმცა შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მზადაა ის გაყიდოს.