საკვანძო ეტაპი დგება - Gazzetta მოლაპარაკების დეტალებზე წერს
გავლენიანი იტალიური გაზეთი, La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებულ გარემოებებს მიმოიხილავს და წერს, რომ მხარეებისთვის საკვანძო ეტაპი დგება.
რა წერია GAZZETTA-ს სტატიაში:
აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, რომ მილიონებს ჩამოვიდეს, რადგან სურს, რომ ქართველს შესაბამისი პირობები შეუქმნას. განახლების საკითხი უახლეს პერიოდში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა გადაწყდეს, რათა ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობა მიეცეს, რომ საქართველოსთან ერთად ზედმეტი ფიქრების გარეშე ითამაშოს.
მხარეთა პოზიცია ასეთია: კვარაცხელიას აგენტი ხელფასის გაზრდას ითხოვს. მათი საწყისი წინადადება მინიმუმ 5 მილიონია, რომელსაც ბონუსებიც ემატება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დე ლაურენტისმა ეს წინადადება მიიღოს, მაგრამ სურს, რომ ხვიჩა მაქსიმალურად ასიამოვნოს და ის ახალი პროექტის ცენტრში დააყენოს. მოსალოდნელია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი 4 მილიონს შესთავაზებს და ბონუსების სისტემით, 4.5 მილიონ ევროზე ავა. ერთი სიტყვით, ახლა მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპი დგება. ვნახოთ, საკმარისი იქნება თუ არა დე ლაურენტისის შეთავაზება.
გუშინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი უკვე ნეაპოლშია და აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს არის დაგეგმილი.
უკვე არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული „ბარსელონა“ და კატალონიური გუნდის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ გარდა კვარას შეძენით პსჟ და „ლივერპულიც“ ინტერესდებიან.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.