2007 წლის შემდეგ პირველად - ისტორიული ფაქტი მამარდას გაძევებიდან
ლა ლიგის 33-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ მიიღო და 4:2 დაამარცხა.
სამწუხაროდ, „ღამურების“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოედნიდან პირველი ტაიმის მიწურულს გააძევეს, ამ დროს ვალენსია 2:1 იგებდა. მამარდამ ბურთის მიღების დროს შეცდომა დაუშვა, ბურთი წინ გაექცა და შემდეგ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეფასდა და მსაჯმა ქართველ მეკარეს წითელი ბარათი უჩვენა.
ესპანური მედია ერთ საინტერესო ფაქტზე წერს. 2007 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ პირველი მეკარეა, რომელიც მოედნიდან გააძევეს. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2007 წელს დაფიქსირდა, როდესაც „ვალენსია“ „ლევანტეს“ ეთამაშებოდა და მაშინ, მე-8 წუთზე მოედნიდან „ღამურების“ ლეგენდარული მეკარე, სანტიაგო კანისარესი გააძევეს. იმ მატჩში „ვალენსია“ 2:4 დამარცხდა.
დისკვალიფიკაციის გამო, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელშიც მისი გუნდი 5 მაისს, „ალავესს“ უნდა დაუპირისპირდეს. ასევე საგულისხმოა, რომ ქართველი მეკარე ლა ლიგის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პირველად გამოტოვებს შეხვედრას. მამარდაშვილმა ორი სეზონის განმავლობაში ყველა შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.
ბარსელონა 4:2 ვალენსია