გაზრდილი ხელფასი, ერთგულების ბონუსი და გამოსასყიდი თანხა - ნაპოლი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი დღევანდელ ნომერში წრეს, რომ აურელიო დე ლაურენტისსა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგება.
Corriere-ს ინფორმაციით, მხარეები ხუთშაბათს, სკუდეტოსთვის მიძღვნილი ფილმის, „მე შენთან ვიქნები“ პრემიერის დაწყებამდე შეხვდებიან და კვარას კონტრაქტის საკითხს განიხილავენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი ქართველი ფეხბურთელის გარემოცვას საგრძნობლად გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს, რომელიც როგორც გაზრდილ ანაზღაურებას, ისე სოლიდურ ბონუსსაც ითვალისწინებს. ასევე, იწერება, რომ გამოსასყიდ თანხად 100 მილიონის ნაცვლად შესაძლოა, 130 მილიონი ევრო ჩაიწეროს.
არაერთი იტალიური სააგენტო აღნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საკვანძო ფიგურა გახდება და გუნდის სათამაშო სქემაც მის გარშემო აეწყობა. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების შემთხვევაში ქართველ შემტევს ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაეზრდება და კონტრაქტის ვადა 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.