თუ, კვარა არ გამოვა - ბარსას სათადარიგო გეგმა ჩავი სიმონსია
„ბარსელონა“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეტევის მარცხენა ფლანგზე მაღალი დონის გარემარბის გაფორმებაა.
როგორც ცნობილია, „ბარსა“ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენს, თუმცა ფინანსურად ქართველის გაფორმება საკმაოდ ძვირი დაჯდება და გარდა ამისა, „ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი კვარას დათმობას არ გეგმავს. „ბლაუგრანას“ კი სათადარიგო გეგმაც აქვს.
ესპანური mega.atresmedia და El Chiringuito იტყობინებიან, რომ „ბარსა“ თავისი სკოლის აღზრდილის ჩავი სიმონსის დაბრუნებას უმიზნებს.
წყაროს თანახმად, „ბარსა“ მოელის, რომ ჩავი სიმონსის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწევს. ნიდერლანდელი შემტევი პსჟ-ს საკუთრებაა და იჯარით „ლაიპციგში“ თამაშობს. თავად ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დაბრუნების შესაძლებლობით აღფრთოვანებულია.
სიმონსი უნივერსალია და მას 4-3-3 სქემაში მარცხენა გარემარბისა და ცენტრში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ორივეგან კარგად თამაში შეუძლია, რაც მას „ბარსასთვის“ შესაფერის ვარიანტად აქცევს.
21 წლის ჩავი სიმონსმა მიმდინარე სეზონში „ლაიპციგის“ რიგებში ყველა ტურნირზე 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.