IL Mattino: ნაპოლის უარი ბარსას - თუმცა დათანხმდება კვარა ამას?
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. ბოლო 2 კვირაა იტალიური პრესა აქტიურად წერს, რომ ქართველის კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეული არ არის და ამით სარგებლობას „ბარსელონა“ გეგმავს.
გავლენიანი ნეაპოლური გამოცემა IL Mattino წერს, რომ „ნაპოლიმ“ „ბარსას“ კვარას თაობაზე უარი უთხრა, რადგან ახალი გუნდის აშენებას სწორედ ქართველის ირგვლივ გეგმავენ.
„ახალი სეზონიდან ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი ტოვებს. ნიგერიელი პსჟ-ს ან ჩელსის შეუერთდება. გუნდი კი 77-ე ნომრის ირგვლივ უნდა აეგოს. ახლა კლუბის მთავარი ინტერესი კვარასთან კონტრაქტის განახლებაა, რომელიც წლიურად 1 მილიონზე ცოტა მეტს იღებს.
ნაპოლიმ უნდა გააკეთოს ისეთი შეთავაზება, რომ მათ ბარსელონას იერიში თავიდან აირიდონ. ბარსელონას შეუძლია ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონიანი წინადადება გაამზადოს. დე ლაურენტისი რისკზე წასვლას არ აპირებს და ხვიჩას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელშიც ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის მუხლიც იქნება ჩადებული, თუმცა მასში მთავარი ახალი ანაზღაურებაა, რომელიც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.
კლუბი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქართველი დარჩენაში დაარწმუნოს და მას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ. თუმცა ყოველთვის არის ცდუნება, მაგალითად, ის, რომ ნაპოლი გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ვინ იცის, დათანხმდება, თუ არა ხვიჩა და მისი აგენტი ახალი სეზონისთვის მეორად ევროტურნირზე თამაშს. კლუბს ფეხბურთელის დარწმუნება ამ მხრივაც მოუწევს“.
- წერს IL Mattino.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი ხვიჩას წლიურად 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს. მამუკა ჯუღელი კი გარანტირებულ 5 მილიონს ითხოვს, პლუს ბონუსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მზად არის ნეაპოლელებს „ბარსელონას“ შემოთავაზება გააცნოს. ყველაფერი მაისის ბოლომდე უნდა გაირკვეს.