დოლიძის მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა | შემცვლელის საპოვნელად მუშაობა დაწყებულია
რომან დოლიძეს მომდევნო ბრძოლა UFC 302-ზე უნდა გაემართა და ენტონი ერნანდესთან ეჩხუბა. რამდენიმე საათის წინ, 30 წლის მებრძოლმა განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ „კავკასიელთან“ ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა.
„პარასკევს, ვარჯიშისას დაზიანება მივიღე. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩამიტარდა და პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, ხელის იოგი გამიწყდა და UFC 302-ზე ჩანიშნულ ჩხუბში მონაწილეობას ვერ მივიღებ. ბოდიშს ვუხდი UFC-ს, ჩემს მეტოქესა და გულშემატკივრებს“, - დაწერა ერნანდესმა.
უცხოური პრესის ინფორმაციით, UFC-ი ამერიკელი მებრძოლის შემცვლელს ეძებს და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ჯერჯერობით კონკრეტული ვარიანტი არ სახელდება და რთულია თქმა დოლიძე UFC 302-ზე იჩხუბებს თუ არა.
ცნობისთვის, „კავკასიელს“ კარიერაში 15 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა. რომანმა ბოლო ორი ბრძოლა მარვინ ვეტორისთან და ნასურდინ იმავოვთან დათმო და საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 პოზიციას იკავებს.