ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა, ხორხე კლიმენტი, აგუსტინ კლიმენტი
Aa
Aa

ჰოლოუეის მაგივრად ორტეგა? - თოფურიას მწვრთნელები AS-ს მომავალ მეტოქეზე ესაუბრნენ

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მწვრთნელები აგუსტინ და ხორხე კლიმენტები ესპანურ AS-ს „მატადორის“ გეგმებზე და მომავალ მეტოქეზე ესაუბრნენ.

აგუსტინ კლიმენტი:

ვფიქრობ, ილია თოფურია როგორც მებრძოლი, მსოფლიოში საუკეთესოა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ საჩემპიონო ქამარი MMA-ში 15 ბრძოლის შემდეგ მოიპოვა და თანაც ისე, რომ არ დამარცხებულა. მას კიდევ ოთხი, ან ხუთი ბრძოლა მოუწევს და MMA-დან სავარაუდოდ ამის შემდეგ, დაუმარცხებლის სტატუსით რამდენიმე ქამრით წავა. არ არის მარტივი, რომ მასზე უკეთესი კარიერა შეიქმნა... სერიოზულად არასდროს დაზიანებულა და ტრავმებიც არ მიუღია. ღმერთისგან დალოცვილი ადამიანია.

ჰოლოუეისთან ბრძოლა? ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ბრძოლა შედგება. სტრატეგიულად უნდა იფიქრო. თუ მაქს ჰოლოუეი ხარ, გაქვს ქამარი და გაქვს არჩევანი - ილიასთან, თუ მაკგრეგორთან ბრძოლა, რომელს შეებრძოლები? ვფიქრობ, მაკგრეგორს. მაქსი BMF-ის ქამრის მფლობელია და ეს გარკვეულწილად „უაილდ ქარდიცაა“, მე კი ამ ქამარს სასწორზე არ დავდებდი ისეთი ბიჭის წინააღმდეგ, რომელსაც ყველას მოკვლა შეუძლია და იცი, რომ აუცილებლად წაგართმევს. ცნობილ „ბებერ ძაღლს“ მივიღებ, რომელიც ფულის შოვნის გარანტიც იქნება.

ბრაიან ორტეგა? ეს რეალური ვარიანტია. მან ცოტა ხნის წინ იაირ როდრიგესი დაამარცხა და სატიტულო ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება.

ხორხე კლიმენტმა ილიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით, არ გარკვეულა.

ხორხე კლიმენტი:

ის ნებისმიერთან ბრძოლისთვის მზადაა. საუკეთესო მდგომარეობაშია და მისი დაჩრდილვა არავის შეუძლია. ველოდებით, ვინ იქნება მეტოქე და როდის გაიმართება ბრძოლა. ის მუდმივად ვარჯიშობს და გამოძახების შემთხვევაში, ბრძოლისთვის ყოველთვის მზადაა. მზადაა ისე იბრძოლოს, როგორც მისი ძმა აკეთებს და საუკეთესოებში უფრო სწრაფად ავიდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვისთან მოუწევს ილია თოფურიას ჩემპიონის ქამრის დაცვა. ცოტა ხნის წინ „მატადორი“ და მაქს ჰოლოუეი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ, თუმცა, UFC-ის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ჩემპიონია, მაგარი კრივი აქვს“ | რა თქვა ჟოზე ალდომ ილიაზე
„შესანიშნავი ჩემპიონია, მაგარი კრივი აქვს“ | რა თქვა ჟოზე ალდომ ილიაზე