„მას განსაკუთრებულად ერთი უნარი გამოარჩევდა“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა Match TV-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ტალანტი, რომელთანაც „ლოკომოტივში“ უმუშავია, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა.
რას ამბობს სიომინი:
„ლოკომოტივის“ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთანაც მიმუშავია, ეჭვგარეშე ხვიჩაა. მას ერთი ისეთი თვისება ჰქონდა, რომელიც არავისთან შემხვედრია - განსაცვიფრებელი მოტყუების უნარი. ამ ხარისხის გათვალისწინებით, ყოველთვის მეგონა, რომ სხვა თვისებებსაც განივითარებდა და ასეც მოხდა, ახლა ის უფრო ძლიერია. დაცვაში სამუშაო საგრძნობლად გააუმჯობესა, წარმოუდგენლად გაძლიერდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წელს თამაშობდა (7 მატჩი, 1 გოლი) და მაშინ გუნდის მწვრთნელი იური სიომინი იყო.
გასულ სეზონში ხვიჩამ „ნაპოლიში“ გატარებულ პირველივე სეზონში სერია A-ს ჩემპიონობა იზეიმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მიმდინარე სეზონში კი გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.