„დამშვიდობება ყოველთვის ძნელია“ | ტიაგო სილვა სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებს
ტიაგო სილვამ „ჩელსის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ლონდონელთა სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ბრაზილიელი ფეხბურთელი გულშემატკივრებს მიმართავს, ცრემლებს ვერ იკავებს და აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან მიდის.
Four years, countless memories.
— Chelsea FC (@ChelseaFC) April 29, 2024
A message from Thiago Silva… pic.twitter.com/f2YbB4GMXY
„ჩელსი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ გადმოსვლისას მქონდა განზრახვა, რომ 1 წლით დავრჩენილიყავი. საბოლოო ჯამში კი გამოვიდა, რომ გუნდში 4 წელიწადი გავატარე. ჩემი შვილები ჩელსიში თამაშობენ და ძალიან ვამაყობ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ. იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ, თავიანთი კარიერა გააგრძელონ ამ შესანიშნავ კლუბში, რომლის რიგებში თამაშზეც ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს.
ვფიქრობ, ყველაფერში, რაც ოთხი წელიწადის განმავლობაში გავაკეთე, მაქსიმუმს ვდებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. იმედია, კარი ღია დარჩება, რათა სამომავლოდ აქ დავბრუნდე. ოღონდ, რა თქმა უნდა, საერთოდ სხვა როლში. თქვენდამი სიტყვით აღუწერელ სიყვარულს ვგრძნობ და მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია.
ლონდონური კარიერა კორონავირუსის პანდემიის დროს დავიწყე, როცა სტადიონზე გულშემატკივრები არ იყვნენ, მაგრამ სოციალური ქსელების დახმარებით, ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა მაინც გახდა. შემდეგ კი, როცა ქომაგები დაბრუნდნენ და ცხოვრება ჩვეულ რიტმში წარიმართა, სიყვარული და პატივისცემა გამიჩნდა იმის მიმართ, რაც აქ დავიწყე. დამშვიდობება უბრალო მომენტებშიც ძალიან ძნელია. მაშინ კი, როცა სიყვარული ორმხრივია, ყველაფერი რთულდება, მაგრამ თუ ერთხელ გახდი „ლურჯი“, სამუდამოდ „ლურჯი“ იქნები.
მადლობა კლუბს მხარდაჭერისთვის. ახალ კოლექტივში ინტეგრაცია ყოველთვის რთულია, მაგრამ ფრენკ ლამპარდის დახმარებით ეს ნელ-ნელა გამომივიდა. მადლობა მას ამისთვის. ჩელსიში გატარებული პერიოდი ახდენილი ოცნება იყო. ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდი და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდი. დამშვიდობება იმათთვისაა, ვინც არ ბრუნდებიან, მე იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები“.
შეგახსენებთ, რომ სილვამ „ჩელსის“ მაისურით 151 შეხვედრა ჩაატარა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.