მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „რომას“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
Il Mattino-ს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა მოთამაშეებს „რომასთან“ ნაჩვენები გამოსვლა მოუწონა და შეაქო თავდადების გამო, რომელიც მათ გამოავლინეს.
ნეაპოლური გამოცემა აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისის კომპლიმენტები დამსახურებული იყო და აურელიოს იმედი აქვს, გუნდი სერია A-ს დარჩენილ 4 ტურშიც ასე ითამაშებს. „ნაპოლის“ პრეზიდენტს სურს, „ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონი ღირსეულად ჩაამთავროს, ზაფხულში კი სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადება.
იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ დე ლაურენტისი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და მისი რჩეული ანტონიო კონტეა. დღეს, La Repubblica-მ განსხვავებული ცნობა მოგვაწოდა და დაწერა, რომ „ნაპოლის“ ჩაბარების ფავორიტი სტეფანო პიოლია, რომელიც ამჟამად „მილანის“ თავკაცი გახლავთ. ნეაპოლელები საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ და არაა გამორიცხული, ვითარება ისევ შეიცვალოს.