პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია - პარიზელებს ოთხი ტურნირის მოგების შანსი აქვთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე გახდა. მართალია გუშინ დედაქალაქელებმა საკუთარ სტადიონზე „ლე ავრს“ (3:3) ვერ მოუგეს, თუმცა მათმა უშუალო კონკურენტმა „მონაკომ“ დღეს სტუმრად „ლიონთან“ (2:3) წააგო და პირველობის ფინიშამდე სამი ტურით ადრე გუნდებს შორის სხვაობა 12-მდე გაიზარდა. შედეგად, პსჟ-მ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ, არსებობის ისტორიაში კი მეთორმეტედ მოიპოვა. თორმეტი ჩემპიონობიდან ათი „სენ-ჟერმენმა“ 2011 წლის შემდეგ, ანუ მას მერე მოიპოვა, რაც კლუბი კატარელი ინვესტორების მფლობელობაში გადავიდა. ჯამში კი ისტორიაში ამ გუნდისთვის საიუბილეო, რიგით 50-ე ჯილდოა.
ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერაში მე-11, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კი მეორე ტიტული მოიგო. თუმცა, მას და მის ფეხბურთელებს ყველაფერი წინ აქვთ და შესაძლოა ისე მოხდეს, რომ სენ-ჟერმენმა კვადრუპლი (ოთხი ჯილდოს მოგება) შეასრულოს. გუნდმა „ტულუზას“ დამარცხებით ქვეყნის სუპერთასი უკვე დაისაკუთრა, ლიგა 1-ის ოქროს მედლები კი ახლახანს გაინაღდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - როგორც იცით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული და უახლოეს მომავალში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ორმატჩიანი დუელი ელის. 25 მაისს კი პარიზელები საფრანგეთის თასის ფინალში „ლიონს“ დაუპირისპირდებიან.