როდესაც კვარა აქტიურობს, ნაპოლი შეუჩერებელია - იტალიური მედიის შეფასება
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გამართული „ნაპოლი“ – „რომას“ შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლების შემადგენლობაში 86 წუთი ითამაშა და მეორე გოლი სწორედ მისი აქტიურობის შედეგად გავიდა - ვიქტორ ოსიმენმა ქართველის მოპოვებული 11-მეტრიანი გაიტანა, 87-ე წუთზე კი ის შეცვალეს. იტალიის სპორტულმა მედიამ მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ათბალიანი სისტემით შეაფასა და თითქმის ყველა ვერსიით კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
რას წერენ კვარაცხელიაზე
Calcionapoli 1926 – 6.5 ქულა: პირველ ტაიმში სახიფათოდ ორჯერ შეუტია: ჯერ „რომა“ რიკოშეტმა გადაარჩინა, შემდეგ კი მეკარე სვილარმა აუღო. შესვენების შემდეგ კი სიმწვავე არ დაუკარგავს და პენალტიც გამოიმუშავა
Calcionapoli24 – 7 ქულა: რამდენჯერმე ბოვე და კრისტანტე ბავშვივით მოატყუა. ასევე დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა დაცვაში. 39-ე წუთზე კი გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. თუმცა, შესვენების შემდეგ გუნდს სარგებელი მაინც მოუტანა და ეს სამი ქულის მომტანი რომ ვერ გამოდგა, ყველაზე ნაკლებად მისი ბრალია, რადგან მწვრთნელმა რასპადორით შეცვალა.
OAsports- 6.5 ქულა: ძალიან პოზიტიური და სასარგებლო გახლდათ გუნდისთვის. თავისი აქტიურობით მარცხენა ფლანგიდან მეტოქეს უამრავი პრობლემები შეუქმნა.
Sport.Virgilio-7 ქულა: წინა მატჩებთან შედარებით გაცილებით კარგი იყო. თამაშის გამწვავების უდიდესი სურვილი ჰქონდა და ამან გუნდზეც დადებითად იმოქმედა. როდესაც, კვარაცხელია აქტიურია, „ნაპოლის“ შეუჩერებელი ხდება.
Ilgiornale – 6,5 ქულა: ის როგორც იქნა ისევ გახდა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სხვაობას ქმნის, თუმცა ისეთივე „მკვლელი“ არ იყო, როგორიც წინა სეზონში. მისი დინამიური თამაში ფლანგზე „რომასთვის“ ბევრი პრობლემის მომტანი იყო.
Tuttomercatoweb – 6,5 ქულა: მის მიერ კრისტანტეს წინააღმდეგ გაკეთებული ცრუ-მოძრაობა მატჩის ერთ-ერთი მშვენება იყო. ერთადერთი, რაც გულდასაწყვეტია, ხშირ შემთხვევაში არ იღებს თამაშს საკუთარ თავზე, რის გამოც „ნაპოლის“ მატჩებში სანახაობა იკარგება.
კვარას ყველა მომენტი:
ოცდათოთხმეტი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 50 ქულით მე-8 ადგილზეა. ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავენ.