ფრე ზალცბურგთან - კიტეიშვილის შტურმმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
გრაცელები პირველ ნახევარში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და სხვაობის სამამდეც გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. გამარჯვების შემთხვევაში, „შტურმი“ ბუნდესლიგის ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა, თუმცა, გუნდებს შორის სხვაობა კვლავ სამი ქულა დარჩა.
ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 70-ე წუთზე შეცვალა. საგულისხმოა, რომ „შტურმის“ კარში ორივე გოლი ქართველი ფეხბურთელის გასვლის შემდეგ გავიდა.
გრაცელებმა ანგარიში პირველივე წუთზე, პრასის გოლით გახსნეს, 34-ე წუთზე კი პრასის დუბლით „შტურმი“ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე 72-ე წუთზე, ნენეს გოლით შეამცირეს, წონასწორობა კი 82-ე წუთზე კონატემ აღადგინა. საგულისხმოა, რომ დარჩენილ დროში „ზალცბურგს“ მესამე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა, „შტურმის“ მეკარემ ეფექტური სეივით 2:2 ძალაში დატოვა.
29 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილს 39 ქულით „შტურმი“ ლიდერობს, „ზალცბურგი“ კი 36 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება. გათამაშების დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი. კიტეიშვილის გუნდს უახლოესი შეხვედრა ავსტრიის თასზე ელის. 1 მაისს, თასის ფინალში „შტურმის“ მეტოქე „რაპიდი“ იქნება.