ბუდუს გამარჯვება - კარლსრუე აღზევების თეორიულ შანსს ინარჩუნებს
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ნიურნბერგი’’ შინ „კარლსრუესთან’’ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 21 წლის ხორვატმა იგორ მატანოვიჩმა გაიტანა.
31 ტურის შემდეგ „კარლსრუე'' 49 ქულით მე-5 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 7 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მესამე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი აქვს, თუმცა ამ სხვაობის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება. მესამე ადგილზე გასული გუნდი ფლეი-ოფის გზით ბუნდესლიგაში აღზევების შანსს მიიღებს.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში ათამაშა, 68-ე წუთზე შეცვალა. ქართველ ფორვარდს გოლი არ გაუტანია, თუმცა პრესინგზე ბევრი იმუშავა, მის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ, ერთ ეპიზოდში კი ბუდუს წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მსაჯმა მეტოქის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. ასევე, პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა ბუდუ მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
30 წლის ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის 27 მატჩში 10 გოლი შეაგდო. 27-დან 11 მატჩი სასტარტოში დაიწყო, 10-დან 4 გოლი ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გაიტანა. „ნიურნბერგთან'' მატჩამდე ზედიზედ ორი შეხვედრა გამოტოვა, ჯერ ვირუსი ჰქონდა, შემდეგ კი აიხნერმა სკამზე დატოვა.