გია გეგუჩაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

მივდივართ იოლი და იაფი გზით - ჭიაბრიშვილი და გეგუჩაძე ქართულ საკლუბო ფეხბურთზე

გასულ კვირაში ქართული ფეხბურთის პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართა, პროფკავშირი ქართულ ფეხბურთში დასაქმებულმა მწვრთნელებმა, მენეჯერებმა და კლუბების წარმომადგენლებმა ოფიციალურად დააფუძნეს. ორგანიზაციის მიზანი საფეხბურთო სფეროში მომუშავე ადამიანების ინტერესთა დაცვაა. პროფკავშირი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: იურიდიული, პროფესიული და სოციალური.

ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე პროფკავშირის დამფუძნებლებმა გია გეგუჩაძემ და გია ჭიაბრიშვილი გადაცემაში „სპორტი იმედზე'' ისაუბრეს. მათ თავიანთი და პროფკავშირის სხვა წევრების აზრები გააჟღერეს. მათი შეხედულებით უცხოელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციებია საჭირო, რომ ადგილობრივი ფეხბურთელები არ დაიჩაგრონ, ბავშვთა ფეხბურთსა და აკადემიებს მეტი ყურადღება დაეთმოთ, თუმცა რთული წარმოსადგენია რეგულაციებმა იმ კლუბების პრეზიდენტებზე რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს, რომელთაც არც ფინანსური რესურსი აქვთ, არც გრძელვადიანი გეგმა და არც შესაბამისი ცოდნა.

გია გეგუჩაძე: „უცხოელი ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხზე. ეს ეხება როგორც მწვრთნელებს, ასევე ფეხბურთელებს. ამ ეტაპზე ეს მსჯელობის საგანია. იმედი გვაქვს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ რასაც ვამბობთ, ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არაა, პროფკავშირში მყოფი სხვა მწვრთნელებიც ამ მოსაზრებას ეთანხმებიან.

მახსოვს როცა „ზესტაფონში'' ვმუშაობდი, ბევრს მაკრიტიკებდნენ, გეგუჩაძეს ლეგიონერები არ უყვარსო, ეს აზრი მუსირებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ძლიერია და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში დაგვეხმარება, ასეთი ლეგიონერის დამატება აუცილებელიც არის. ადგილობრივი რესურსი უნდა გამოვიყენოთ და თუ აქაური რესურსი ამოწურულია, მაშინ უნდა ვიფიქროთ უცხოელზე, რომელიც მაღალი დონისაა და რეალურად გაგაძლიერებს''.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „არიან კლუბები, რომლებიც ხარისხზე არ ფიქრობენ. რატომ ჩამოგვყავს უცხოელი მსაჯი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი? იმიტომ რომ შენ არ გყავს შესაბამისი დონის და მისი ჩამოყვანით ადგილობრივი კადრი იზრდება და გამოცდილებას იძენს.

ევროპულ ტურნირებზე რა წარმატებისთვისაც მიგვიღწევია, ყველა შემთხვევაში გუნდები მეტწილად ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულნი იყვნენ. ახლა ჩამოგვყავს ლეგიონერები, როცა არც იცი ადგილობრივზე ძლიერია თუ არა. ფეხბურთელი, რომელიც უცხოეთში ვერ დამკვიდრდა, აქ ჩამოგვყავს. 

როცა გუნდში 15 ლეგიონერია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ არც ბავშვთა ფეხბურთზე ვფიქრობთ და არც აკადემიებზე, მივდივართ იოლი და იაფი გზით. სჯობს ნაბიჯი უკან გადავადგათ და რთული გზა გავიაროთ, შედეგი ასე მიიღწევა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით პრო ლიცენციის კურსები საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს, მწვრთნელები ცოდნას იღებენ, თუმცა შემდეგ გზაა საჭირო, გასულ სეზონში 10-დან 8 გუნდს უცხოელი მწვრთნელი ჰყავდა, თუმცა შემდეგ სეზონში რანგით მეორე ლიგაში პრო ლიზენციის მქონე მწვრთნელები იმუშავებენ, რაც სპეციალისტებისთვის, რომელიც უმაღლესი დონის ცოდნას იღებენ, კარიერული განვითარების სივრცეს გაზრდის''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები