„ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ, ბავშვთა ფეხბურთში უპრეცდენტო ფაქტი დაფიქსირდა
საქართველოს პირველი არხის სპორტულ გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ საქართველოს ნაკრების ევრო-2024-ზე გასვლის შემდეგ დაფიქსირებულ უპრეცედენტო ფაქტზე ისაუბრა.
„არც ვიცი, რატომ მოხდა ასე, მაგრამ 17 და 19-წლამდელების ელიტ რაუნდი რატომღაც საქართველოს ნაკრების პლეი-ოფის მატჩებს დაემთხვია. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული იყო. სულ ვკითხულობდით, იქ რა ხდებოდა. ჩვენთვის მთავარი ეროვნული ნაკრების მოგება და წარმატება იყო. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით.
ჩვენს 19-წლამდე ნაკრებში არის რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც პერსპექტივაში, ეროვნულ ლიგაში თამაში შეუძლიათ. ამ ბიჭებისთვის ეროვნული გუნდის გასვლა დიდი მოტივაციაა. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან რომ გავიდეს, ეს ვითარებას კიდევ უფრო რადიკალურად შეცვლის. ეს ორმაგი წარმატება იქნება.
გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ 26 მარტის წარმატების შემდეგ ფეხბურთზე შემოსული ბავშვების რაოდენობა 30-40 პროცენტით გაიზარდა. რაოდენობა კი ხარისხს ქმნის და რაც მეტი ივლის, მეტი არჩევანიც გვექნება და ნაკრებებს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებს გავუზრდით. თუმცა, ადრინდელზე მეტი თანხები რომ არის საჭირო, ამაზე საუბარიც ზედმეტია“.
- განაცხადა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე თავის პირველ ისტორიულ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.