ნაპოლი რომას წინააღმდეგ - საინტერესო სტატისტიკა პრინციპული მატჩის შესახებ
„რომამ“ შუა კვირაში იტალიის სერია A-ს გადადებულ შეხვედრაში სტუმრად „უდინეზესთან“ მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი მეხუთე ადგილი განიმტკიცა და ხვალ ნეაპოლში სათამაშოდ 9-ქულიანი ჰანდიკაპით ჩადის. შესაბამისად, საიმისოდ, რომ ბრძოლაში ბოლომდე დარჩნენ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის და მისი თანაგუნდელებისთის „ჯალოროსოს“ ძლევას, რომელთანაც პირველ წრეში 0-2 დამარცხდნენ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მომავალი შეხვედრის წინ პარტენოპეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გამოქვეყნდა, რომელიც გულშემატკივრებისთვის ყოველთვის საინტერესოა.
იმ შემთხვევაში თუ „სტადიო მარადონადან“ დედაქალაქელები 3 ქულას წაიღებენ, ეს იქნება 1997-1998 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც სერია A-ში „რომა“ „ნაპოლის“ ორივე თამაშს მოუგებს.
„ნაპოლი“ ზედიზედ ხუთი მატჩია „რომასთან“ არ მარცხდება და საშინაო ასპარეზზე ნეაპოლელებს „მგლებთან“ ბოლოს ასეთი სერია 1989-1995 წლებში ჰქონდათ.
ამ გუნდების შეხვედრებში გასული ბოლო შვიდი გოლიდან ექვსი 75-ე წუთის შემდეგ გავიდა. ასე იყო პირველ წრეში „სტადიო ოლიმპიკოზეც“, როდესაც კამპანიელების კარი ლორენცო პელეგრინიმ და რომელუ ლუკაკუმ 76-ე და 96-ე წუთებზე აიღეს.
იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ თორმეტი ტურია „ნაპოლი“ მინიმუმ ერთ ბურთს უშვებს. პარტენოპეიმ კარი მშრალად უკანასკნელად 28 იანვარს სტუმრად „ლაციოსთან“ შეხვედრაში შეინახა, რომელიც 0-0 დასრულდა.
ფრანჩესკო კალცონამ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გამართული საწყისი ათი მატჩიდან სამი მოიგო. ანალოგიური რაოდენობის თამაშების შემდეგ ვალტერ მაცარის ასევე სამი გამარჯვება ქონდა მოპოვებული. პირველი ათი თამაშის შემდეგ კი კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რობერტო დონადონის აქვს, რომლის ხელმძღვანელობითაც კამპანიელებმა 2008-2009 წლებში მხოლოდ ერთხელ მოიგეს.
„რომასთან“ მატეო პოლიტანოს კარგი მოგონებები აკავშირებს, რადგან იტალიის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი 2015 წელს „სასუოლოში“ თამაშისას სწორედ დედაქალაქებს გაუტანა.
ოცდაცამეტი ტურის შემდეგ 49 ქულით „ნაპოლი“ მე-8 ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ „რომას“ 9 ქულით ჩამორჩება. ხვალინდელი თამაში ამ გუნდებს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. დარჩენილ ოთხ ტურში კი, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები სტუმრად „უდინეზესა“ და „ფიორენტინას“, საკუთარ სტადიონზე კი „ბოლონიასა“ და „ლეჩეს“ შეხვდებიან.