გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, გოდერძი ძებისაშვილი, რობერტ კობლიაშვილი
Aa
Aa

ოლიმპიადამდე 3 თვით ადრე - როგორია ქართველი მოჭიდავეების სალიცენზიო შანსები

პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზუსტად სამი თვე რჩება და ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ლიცენზიაა, აქედან სამი თავისუფალი, ერთი კი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ოლიმპიადის საგზური „კლასიკოსებიდან“ მხოლოდ რობერტ კობლიაშვილს აქვს განაღდებული, რომელიც 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. რაც შეეხება თავისუფალი სტილით ჭიდაობას, უკვე გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთის დედაქალაქში გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იასპარეზებენ.

ამ ეტაპზე ჭიდაობის ორივე დისციპლინაში თითოეულ წონით კატეგორიაში ცამეტ-ცამეტი საგზურია გათამაშებული. მოჭიდავეებს ოლიმპიადაზე მოსახვედრად ბოლო შანსი 9-12 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბულში მიეცემათ, სადაც სალიცენზიო ტურნირი შედგება და საგზურებს თითოეული წონის ფინალისტების გარდა, ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელიც მიიღებს. ისიც აღსანიშნავია, რომ სალიცენზიო ნორმატივების შესრულება წინა ოლიმპიურ თამაშებთან შედარებით საგრძნობლად გართულებულია. შეამცირეს ქვოტებიც და თითო წონაში მხოლოდ 16 მოჭიდავე იასპარეზებს. შერჩევის წესი კი ისეთი დაამტკიცეს, რომ ბევრი ძლიერი მოჭიდავე შეიძლება დარჩეს ოლიმპიური თამაშების მიღმა. თითოეულ წონაში თექვსმეტი ლიცენზიიდან ხუთი მსოფლიოს პირველობაზე, რვა კი კონტინენტურ სალიცენზიო შეჯიბრებებზე გათამაშდა და ბევრმა ისეთმა სპორტსმენმა მოიპოვა საგზური, რომელსაც რეიტინგის მხედველობაში მიღებისა და მსოფლიო კონკურენციის პირობებში ამის შანსი არ ექნებოდა.

თურქეთში გასამართ სალიცენზიო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას 60, 67, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში, თავისუფალ სტილში კი 57, 74 და 86 კილოგრამში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჭიდაობის მსოფლიო რეიტინგი - როგორია  ქართველების პოზიციები
ჭიდაობის მსოფლიო რეიტინგი - როგორია  ქართველების პოზიციები