190 ქულა 416 წუთში - სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა
ისევე როგორც წინა სეზონში, NBA-ს პლეი ოფის საგზური „სან ანტონიომ“ ამჯერადაც ვერ მოიპოვა და გუნდისთვის სეზონი რეგულარული პირველობით დასრულდა. ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი სანდრო მამუკელაშვილს მიუძღვის. „სპურსის“ 24 წლის ქართველ ლეგიონერს, განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში, თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლეოდა და როცა ეძლეოდა, გულშემატკივარსა და მთავარ მწვრთნელს გრეგ პოპოვიჩს მუდამ მაღალ დონეზე ასპარეზობით ამახსოვრებდა თავს.
მამუკელაშვილმა 82-დან მხოლოდ 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითადად მისი სათამაშო დრო შეზღუდული იყო და პარკეტზე ჯამში 416 წუთი 22 წამი გაატარა. ამ დროის მანძილზე კი მის ანგარიშზე 190 ქულა, 146 მოხსნა და 48 შედეგიანი გადაცემაა. სამი მატჩი იყო ისეთი, სადაც სანდრომ თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა - 1 აპრილს „გოლდენ სტეიტთან“ 113-117 წაგებულ შეხვედრაში 24 წუთში 10 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამას მოჰყვა 10 აპრილს „მემფისთან“ სტუმრად 107-82 მოგებული თამაში, სადაც ის თანაგუნდელებს 26 წუთში 11 ქულით, 16 მოხსნითა და 4 პასით დაეხმარა. ორი დღის შემდეგ, 13 აპრილს კი მამუკელაშვილმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი „დენვერთან“ (121-120) გამართა, სადაც ყველაზე მეტი სათამაშო დრო, თითქმის 31 წუთი მიიღო და პოპოვიჩს იმედები 21 ქულით, 12 მოხსნითა და 2 ასისტით გაუმართლა.
„სან ანტონიო სპურსმა“ დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერს“ გაუსწრო და 22 მოგებითა და 60 წაგებით ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.