ბარსელონაში ჩავის დარჩენას შესაძლოა, რეორგანიზაიცია მოჰყვეს
„ბარსელონაში“ ჩავი ერნანდესის დარჩენას შესაძლოა, კლუბში რესტრუქტურიზაცია მოჰყვეს. ესპანური Diario Sport-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 46 წლის სპეციალისტი „ბლაუგრანაში“ რჩება, ამან კლუბში დასაქმებული რამდენიმე დირექტორის უკმაყოფილება გამოიწვია.
იწერება, რომ ჩავის შეცვლილმა გადაწყვეტილებამ დირექტორთა საბჭოში უთანხმოება გამოიწვია, რადგან კლუბის ხელმძღვანელებმა „ბარსელონას“ მომდევნო თვეების ფინანსური ბიუჯეტი დაგეგმეს, ამაში კი ჩავის ანაზღაურება გათვალისწინებული არ ყოფილა.
ამავდროულად, Sport Diario წერს, რომ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს აზრი ორ ნაწილად იყოფა. ნაწილი ჩავის დარჩენის მომხრეა, ნაწილი კი წინააღმდეგი.
მანამდე, ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავი ერნანდესს კლუბის სპორტულ დირექტორთან, დეკუ სოუზასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და დიდი შანსია, რომ ჟოან ლაპორტამ პორტუგალიელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან გაუშვას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ესპანურმა Marca-მ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩავი ერნანდესმა „ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა და ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაა. მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.