„მალე ქამარს დაისაკუთრებს“ | რას ამბობს Bellator-ის ჩემპიონი მერაბზე
პატრიკ მიქსი MMA-ის მებრძოლია, რომელიც Bellator-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახლავთ. მიქსმა MMA Fighting-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი მალე UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.
„არ მგონია, რომ კონკრეტულად რომელიმე საბრძოლო ორგანიზაციაში უნდა ირიცხებოდე, რათა მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლის სტატუსი გქონდეს. ჩემი რეკორდი ყველაფერს თავად ამბობს.
ვფიქრობ, მალე მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს და ტიტულსაც დაისაკუთრებს. შესაძლოა, მისი ჩემპიონობის ხანა დიდხანს გაგრძელდეს და ქამარს არც მე დავთმობ. რა თქმა უნდა, UFC-ის ბიჭებთან ჩხუბის პერსპექტივა მხიბლავს, მაგრამ არაფერი მაქვს დასამტკიცებელი და ჩემი რეზიუმე ყველაფერს თავად ამბობს“.
ცნობისთვის, მიქსს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე მხოლოდ 5 ჩხუბში მივიდა და პატრიკს 13 ბრძოლა საბმიშენით აქვს მოგებული, ორი - ნოკაუტით. ბოლოს მან 2020 წლის სექტემბერში, ხუან არჩულეტასთან წააგო.