ნაპოლი დათმობაზე მიდის?! - ჯუღელს ნეაპოლში უახლოეს დღეებში ელოდებიან
„ნაპოლისთან“ დაახლოებული ტელევიზია Calcionapoli24 ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ქართველი შემტევის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს გამართავს.
Calcionapoli24-ის ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ხვიჩას ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაეზრდება და ხელშეკრულება 2028 წლის მაისის ბოლომდე გახანგრძლივდება.
ნეაპოლური გუნდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება და კლუბი მზადაა, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის მაისის ბოლომდე აკავშირებს და ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 41 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.