„2012 წელს დავამარცხეთ, ახლა კი...“ - რას ამბობენ ბელარუსში საქართველოზე
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატებაზე უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუბრობენ. ერთ-ერთი ბოლო, ვინც ჩვენი გუნდის მიღწევაზე აზრი დააფიქსირა, ბელარუსის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, სტანისლავ დრაგუნია.
რას ამბობს დრაგუნი:
მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ნაკრები უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატზე გავა. მაგრამ ახლა თაობათა ცვლილება მიმდინარეობს. იმედი მაქვს, გვეყოლება ფეხბურთელები, რომლებიც წამყვან ლიგებში ითამაშებენ. ეს ბელარუსში ფეხბურთის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.
ჟურნალისტმა დრაგუნთან საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი გაიხსენა, რომელშიც ბელარუსებმა 2:0 გაიმარჯვეს:
- 2012 წელს ბელარუსელებმა ქართველებს მოუგეს. რა დაგვემართა ამის შემდეგ?
- კითხვა სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს. რატომ მოხდა, რომ 12 წლის წინ ქართველებს ვაჯობეთ, ახლა კი მეტოქე ევროზე გავიდა? კიდევ ერთ დაკვირვებას დავამატებდი - საკლუბო ფეხბურთიდან. 2018 წელს „ბატემ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბაღი“ დაამარცხა, ახლა კი აზერბაიჯანული გუნდი ევროტურნირებზე სტაბილურად თამაშობს. ახლა სად არის „ბატე“? სხვაობა ცას და დედამიწას ჰგავს. ზოგი პროგრესირებს, ზოგი კი პირიქით, რეგრესს განიცდის. როგორც ჩანს, საქმე ფეხბურთელების მომზადებაშია. თუმცა, მე ექსპერტი არ ვარ, რომ ასეთი თემა წამოვწიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩვენ სახლში ვართ, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზეა.
ცნობისთვის, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში ოთხჯერ შეხვდნენ. ორ მატჩი ჩვენმა გუნდმა მოიგო, 1 ბელარუსებმა, ერთიც კი ფრედ დასრულდა. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა, ბელარუსში ჩატარებული შეხვედრა კი 0:2 დავთმეთ. 2017 წელს გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და ის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 2020 წლის 8 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა ბელარუსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.