ბარსა თუ პსჟ? - ბერნარდუ სეზონის ბოლოს სიტიდან მიდის
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბერნარდუ სილვა მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, გუნდიდან წასვლა მაინც გადაწყვიტა.
ამ მომენტისთვის, სილვას გამოსასყიდი თანხა 56 მილიონი ევროა. ფრანგული მედია წერს, რომ სილვას გამოსყიდვას პირველ რიგში „პარი სენ ჟერმენი“ ეცდება და რა თქმა უნდა, აქტიურობას „ბარსელონაც“ გამოიჩენს, რომელსაც დიდი ხანია მისი გადაბირება სურს.
იმ შემთხვევაში, თუ კატალონიური გრანდი ბერნარდუს ტრანსფერისთვის საჭირო თანხას მოიძიებს, უკვე თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტი იქნება სად გააგრძელებს კარიერას.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის პორტუგალიელი „სიტის“ 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, სილვამ „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 348-ჯერ მოირგო, 66 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, საუბარი მიმდინარეობს პეპ გუარდიოლას წასვლის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ Relovo-მ დაწერა, რომ 2025 წელს პეპი „სიტიდან“ წავა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადაღლა და ოჯახისგან შორს ყოფნაა.
წყაროს ცნობით, გუარდიოლას უპირველეს შემცვლელად მიჩელ სანჩესი განიხილება, რომელიც ამჟამად „ჟირონას“ დამრიგებელია და ესპანურ გუნდს თითქმის პეპის იდეოლოგიით ათამაშებს.