კლუბების ხელმძღვანელების მიმართ პროტესტი გვაქვს - ქართული ფეხბურთის პროფკავშირი დაარსდა
სასტუმრო „Holiday Inn”-ში ქართული ფეხბურთის პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართა, ქართულ ფეხბურთში დასაქმებულმა ადამიანებმა - მწვრთნელებმა, მენეჯერებმა და კლუბების წარმომადგენლებმა ოფიციალურად დააფუძნეს. ორგანიზაციის მიზანი საფეხბურთო სფეროში მომუშავე ადამიანების ინტერესთა დაცვაა. პროფკავშირი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს - იურიდიული, პროფესიული და სოციალური. ჟურნალისტების გარდა, პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მენეჯერი დავით ლაშხი ესწრებოდნენ.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „პირველ რიგში ყველას მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის. ვიდრე პრეზენტაციაზე ვისაუბრებ, მინდა ყველა თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება მოგილოცოთ. იმედი მაქვს, წინ არაერთი სიხარული გველოდება.
რაც შეეხება პროფკავშირის დაფუძნებას - თავდაპირველად, 28 ადამიანმა დავაფუძნეთ, თუმცა ახლა ეს ციფრი ბევრად გაზრდილია. გვსურს ქართულ ფეხბურთს ვემსახუროთ, როგორც მინდორზე, ასევე მინდვრის გარეთ. ამ ადამიანებს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ. გვინდა, უკეთესი ხვალინდელი დღე გვქონდეს. ვფიქრობ, ჩვენი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია. ფეხბურთის ფედერაციას, ჟურნალისტებს,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კლუბების პრეზიდენტებს, შეგვიძლია ჩვენი აზრები გავუზიაროთ, ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე. შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყოს, თუმცა საბოლოოდ ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
წლეულს, ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერების ლიმიტი გაიზარდა, რაც არ არის სწორი. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ეროვნულ ლიგაში 155 ქართველი, ხოლო 80 ლეგიონერი თამაშობს. ლეგიონერებზე უარს არავინ ამბობს, თუმცა ის ხარისხიანი ფეხბურთელი უნდა იყოს და ქართველს აღემატებოდეს. თამაშობენ დაბალკვალიფიციური ფეხბურთელები, ჩვენს ახალგაზრდებს კი განვითარების საშუალებას არ ვაძლევთ. ახალგაზრდებზე ვსაუბრობ და ვიტყვი იმას, რომ 17, 18 და 19 წლის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების წევრები არიან, ეროვნულ ლიგაში სულ 10 მათგანი თამაშობს. მათაც ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევათ, არადა ისინი ახლა ისეთ ასაკში იმყოფებიან, რომ რაც შეილება მეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეთ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან - პირველი წრე დასრულდა, ეროვნულმა ლიგამ კი საუკეთესო თერთმეტეული, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ლეგიონერი თამაშობს, საუკეთესო თერთმეტეულში მხოლოდ ერთი უცხოელი მოხვდა, ტორპედოელი იონსენი, დანარჩენი ყველა ქართველია. საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად, ასევე ქართველები დასახელდნენ.
კლუბების ხელმძღვანელების მიმართ გვაქვს პროტესტი, რადგან ხშირ შემთხვევაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ - ჩვენ, ქართველი მწვრთნელები ნამდვილად არ ვართ სუსტები. ისე გამოდის, რომ ქართველ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე უარს ვამბობთ, არადა ნებისმიერ ქვეყანაში უპირატესობა ადგილობრივ კადრებს ანიჭებენ.
ამ ეტაპზე ქართული ფეხბურთის პროფკავშირი თვითდაფინანსებაზეა, თუმცა ვნახოთ, მომავალში შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს“.
დავით ებრალიძე: „დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს პრობლემები, თუმცა შეგვიძლია ამ პრობლემების ერთობლივად აღმოფხვრა. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებთ და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. ბევრია პრობლემები ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამ ყველაფრის დაცვა“.
გია გეგუჩაძე: „მოხარული ვარ, რომ ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ საფეხბურთო საკითხებზე. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ასე შეიქმნა, ჯერ შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ და შემდეგ გადავწყვიტეთ პროფკავშირების ჩამოყალიბება. ახლა პროფკავშირებში ბევრად მეტი ადამიანია გაწევრიანებული, ვიდრე თავიდან იყო. იმედი მაქვს ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მსურველები მრავლად არიან. ხშირად შევხვდებით ერთმანეთს, ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე, იქნება აზრების გაცვლა, ერთმანეთის მოსმენა, საკითხების გადაწყვეტა, შემდეგ კი ამ ყველაფრის გამჟღავნება“.
კახა ჩხეტიანი: „ჩვენი ორგანიზაცია იმიტომ შეიქმნა, რომ ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ვიმსჯელოთ და ხვალინდელი დღე უკეთესი გავხადოთ. ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელიც წამოიწევა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იქნება განხილული. ვფიქრობ, ერთობლივად მსჯელობას, განხილვასა და იმ საკითხების გადაჭრას შევძლებთ, რომელიც ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს უკეთესს გახდის“.
ქართული ფეხბურთის პროფკავშირის დამფუძნებლები არიან: კახი კაჭარავა, გიორგი ონიანი, გიორგი დევდარიანი, კახაბერ ჩხეტიანი, გიორგი შაშიაშვილი, უჩა სოსიაშვილი, გაგა კირკიტაძე, რევაზ გოცირიძე, ზვიად ჩხეტიანი, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი ნემსაძე, ჯაბა სამსონია, გია გეგუჩაძე, დავით ჯანელიძე, ზურაბ მამალაძე, გიორგი გეგუჩაძე, გიორგი ჭელიძე, ალექსანდრე ინწირველი, თამაზ ბოკერია, გიორგი ცეცაძე, დავით კევლიშვილი, ლაშა ნოზაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი, კახა კაშია, გიორგი დეკანოსიძე, ოთარ გაგნიძე, დავით გელაშვილი, კახა მგელაძე.
ქართული ფეხბურთის პროფკავშირის პრესსამსახური