ესპანური მედია: “კანსელუმ საბოლოოდ გამოავლინა თავისი სახე“
ბოლო პერიოდში, ჟოაუ კანსელუს სათამაშო ხარისხმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ამას გულშემატკივრებიც ამჩნევენ და რა თქმა უნდა, სპორტული გამოცემებიც ალაპარაკდნენ.
მაგალითად კატალონიური გამოცემა Barcablaugranes აქვეყნებს სტატიას სათაურით: „კანსელუმ საბოლოოდ გამოავლინა თავისი სახე“ - გთავაზობთ უცვლელად.
Barcablaugranes:
„“ბარსელონას“ გულშემატკივრებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ პეპ გუარდიოლა ჟოაუ კანსელუსთან დაკავშირებით მართალი იყო. მადრიდის „რეალთან“ და „პარი სენ ჟერმენთან“ მისი გამოსვლა ამტკიცებს, რომ ელიტარული დონის მოთამაშე არ არის. კანსელუ „ბარსელონას“ კონტრაქტს არ იმსახურებს. საუკეთესო შემთხვევაში მას კიდევ ერთ წლიანი იჯარა უნდა შესთავაზონ.
ახალი არ არის, რომ ჟოაუ შეტევაში კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი უპირველესი პასუხისმგებლობა დაცვაა და ხშირ შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. აკიდებული პენალტი პსჟ-სთან. პენალტი შეიძლება ნებისმიერმა ფეხბურთელმა აიკიდოს, მაგრამ დავუბრუნდეთ ლუკას ვასკესის გოლს ბარსას კარში.
კანსელუმ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ესპანელი ფეხბურთელი მარტო დატოვა. „პარი სენ ჟერმენთან“ და „ბლანკოსთან“ დაშვებული შეცდომები ბარსას ძვირად დაუჯდა. ის ფაქტი, რომ კანსელუს ჯერ კიდევ არ შეუძლია უკანა ხაზში სწორად თამაში, ხაზს უსვამს, რომ ის ან მწვრთნელს არ უსმენს ან უბრალოდ არ შეუძლია. შეიძლება ამ კითხვის პასუხი ორივე იყოს.
უფრო შემაშფოთებელი ლუკას ვასკესის გოლია. მიმდინარე სეზონში მადრიდული გრანდი ვასკესს არ იყენებდა და ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რომ ლუკასი იდეალურ ფორმაშია, თუმცა მან კანსელუ არ დაინდო. უფრო სამწუხარო ის არის, რომ პორტუგალიელის ჩავარდნა არავის უკვირს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჟოაუ „სიტიში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“ და „ბაიერნში“ თამაშობდა. ჩამოთვლილი გუნდებიდან დიდხანს ვერსად ვერ გაძლო. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გუარდიოლა აბსოლუტურად მართალია და კანსელუს პრობლემა საკუთარი თავია და არა რაიმე ან ვინმე სხვა.“
შეგახსენებთ, რომ კანსელუმ ბარსაში გადასვლის დღიდან, ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პსჟ-სთან და „რეალთან“ მატჩამდე, „ბლაუგრანა“ აქტიურად განიხილავდა მისი გამოსყიდვის საკითხს, თუმცა ახლა კატალონიაში დაფიქრდნენ. ღირს, თუ არა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ისეთი ფეხბურთელის გამოსყიდვა, რომელიც მნიშვნელოვან მატჩებში დაცვით ფუნქციებს ვერ ასრულებს.