ჩავი VS დეკუ: დაპირისპირება, რომელიც თვეებია გრძელდება
ბოლო დროს „ბარსელონაში“ ვითარება შეიცვალა და ჩავი კიდევ ერთი წლით დარჩენას აპირებს.
ესპანელი სპეციალისტი მყარ გარანტიებს ითხოვს და შემადგენლობის გაძლიერება სურს. თუ, მისი სურვილი არ დაკმაყოფილდება, ის გუნდს დატოვებს.
El Chiringuito-ს ჟურნალისტის ხოსე ალვარესის ცნობით, ჩავი ამ კვირაში „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და სპორტულ დირექტორ დეკუს შეხვდება. წყარო აღნიშნავს, რომ ჩავი ახლა უფრო ახლოს არის კლუბში დარჩენასთან, ვიდრე წასვლასთან.
Relevo კი წერს, რომ პრეზიდენტი ლაპორტა და სპორტული დირექტორი დეკუ ჩავის საკითხზე ჯერაც კამათობენ. ლაპორტასა და ბორდის უმრავლესობას მწვრთნელის ცვლილება არ სურთ და მას ნდობას უცხადებენ. დეკუს კი რაფაელ მარკესის ვარიანტი ურჩევნია.
დეკუს მოსწონს მექსიკელის მეთოდოლოგია, ვარჯიშისადმი მიდგომა და ახალგაზრდებთან მუშაობა. თუმცა თვეების წინ, ესპანური პრესა წერდა, რომ მასსა და ჩავის შორის უთანხმოება იყო. სპორტულმა დირექტორმა მწვრთნელს გუნდში თავი არაკომფორტულად აგრძნობინა, რამაც ჩავის საჯარო განცხადების გაკეთებისკენ უბიძგა და გუნდიდან წასვლა დააანონსა.
დეკუ VS ჩავი: რა ხდება რეალურად ბარსაში?
დეკუს ტრანსფერებზე დიდი გავლენა აქვს. მაგალითად, რაფინია მისი კლიენტია და „ბარსელონაში“ სწორედ მან მიიყვანა. შემდეგ, დემბელესა და რაფინიას შორის არჩევანი სწორედ ბრაზილიელზე გააკეთა, როცა ჩავი გუნდში უსმანის დარჩენას ითხოვდა.
„რაფაელ მარკესი კარგი ვარიანტია, თუმცა გვირჩევნია მოვიცადოთ, რათა მან საჭირო გამოცდილება მიიღოს, რომ ბარსელონას დონის გუნდში სამუშაოდ მზად იყოს. ჩვენ მისი სამუშაო სტილი და პროგრესი მოგვწონს, მაგრამ მისთვის ასეთი პოსტი ჯერ ნაადრევია“.
- ეს დეკუმ რამდენიმე თვის წინ თქვა. იმ მომენტში ჩავის კლუბში დარჩენაზე საუბარი არ იყო და ესპანელის წასვლა გარდაუვალი მოჩანდა.
როცა ჩავის დარჩენის შანსები გაიზარდა, პარალელურად კლუბი ფლიკთან და დე ძერბისთან მიმართებით მოლაპარაკებებში წინ ვერ მიიწევს, დეკუმ ავტომატურად მარკესის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ესპანურ პრესაში დიდი ხნის წინ დაიწერა, რომ ჟორდი კრუიფისა და მატეუ ალემანის (სპორტული დირექტორები) გუნდიდან წასვლისა და დეკუს დანიშვნის შემდეგ, ჩავი კლუბში თავს მარტოსულად გრძნობდა და შესაბამისი მხარდაჭერა არ ჰქონდა, რამაც წასვლის გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიაღებინა.
ყველაფერი უახლოეს 1 თვეში გამოჩნდება. ლაპორტა ჩავისთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.