რამდენ კაციანი იქნება ვილი სანიოლის განაცხადი | გადაწყვეტილება მიღებულია
საქართველოს ნაკრებს ისტორიული ზაფხული ელოდება და ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. Sky Sports-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, უეფა-მ ტურნირზე მონაწილე ნაკრებების განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ცვლილებების შეტანას დაუჭირა მხარი.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ეროვნული გუნდები 26-კაციანი განაცხადით იქნებიან წარმოდგენილი და არა 23-კაციანით, როგორც აქამდე იყო. გუშინ, უეფა-ს კომიტეტის სხდომა გაიმართა და დელეგატებმა ლიმიტის გაზრდასა და 26-კაციან განაცხადებს მხარი დაუჭირეს.
Sky Sports-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო მაშინ გახდება, რაც უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი მას დაამტკიცებს. ეს საკითხი ფორმალური მხარეა და გამორიცხულია, ვითარება შეიცვალოს. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, 26-კაციანი განაცხადები ოფიციალურად მომდევნო კვირაში დამტკიცდება.
ცნობისთვის, ცვლილებების შედეგად, სანიოლს ევროპირველობაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ექნება. „ჯვაროსნები“ F ჯგუფში იასპარეზებენ და ჩვენი მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.