„საკმაოდ კარგი მოკრივეა და ძლიერად ურტყამს“ - ჰოლოუეის მწვრთნელი თოფურიაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, მაქს ჰოლოუეის მწვრთნელმა, ივან ფლორესმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლი შეაქო. ფლორესმა „მატადორის“ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება.
რას ამბობს ფლორესი:
ილია საკმაოდ კარგი მოკრივეა. ვფიქრობ, ის სწრაფი ხელით გამოირჩევა და მუშტს ძლიერად ურტყამს. აგრესიულია და დიდი თავდაჯერებულობა აქვს, მაგრამ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ასპექტი მისი სწრაფი ხელია. ვიტყოდი, რომ ის გარკვეულწილად სუპერმსუბუქი წონის აღნაგობისაა და ქვემსუბუქში მომატებული წონით ჩხუბობს. მას ყველანაირი ატრიბუტი აქვს იმისთვის, რომ სუპერმსუბუქ წონაშიც იჩხუბოს.
ძალიან მოგვწონს ისეთი ბიჭები, რომლებიც მაქსის წინააღმდეგ ყოველთვის წინ მოდიან. მაქსი ძალიან კარგია იმ დროსაც, როდესაც უკან იხევს. ასევე, კარგად უმკლავდება იმ ბიჭებს, რომლებსაც დიდი ინტენსივობით და ახლო დისტანციიდან სურთ მისთვის დამანოკაუტებელი დარტყმების მიყენება. მაქსი ამაში ნამდვილად მაგარია.
შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. „დალოცვილად“ წოდებულმა ჰოლოუეიმ ცოტა ხნის წინ BMF-ის ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბა და მეტოქე შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე ნოკაუტით დაამარცხა.
ჰოლუეისა და გეიჯის ბრძოლას ილია თოფურიაც ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ „დალოცვილმა“ ქართველი მებრძოლი დარბაზშივე გამოიწვია, მოგვიანებით კი თოფურიამ უპასუხა, რომ მასთან ბრძოლისთვის მზადაა. რამდენიმე დღის წინ, „მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი სურვილია, ბრძოლა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართოს.