ჩხუბი, 3 წითელი და 3 გოლი - ინტერმა ჩემპიონობა „მადონინაში“ გაინაღდა
იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გულშემატკივარმა „დერბი დელა მადონინა“ იხილა.
„სან სიროზე“ „მილანი“ მასპინძლის სტატუსით „ინტერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
სიმონე ინძაგის გუნდისთვის ფინალის ტოლფასი მატჩი იყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში „სკუდეტოს“ ინაღდებდნენ. „ნერაძურის“ ფეხბურთელებმა ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვეს და იტალიის ჩემპიონობა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებაში იზეიმეს.
ანგარიში მე-18 წუთზე ფრანჩესკო აჩერბიმ გახსნა, რომელმაც კუთხურიდან პავარის მიერ ჩაწეოდებულ ბურთს თავი ზუსტად დაუხვედრა და „ინტერმა“ პირველი ნახევარი 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე მარკუს ტურამმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა და „მილანი“ ფაქტობრივად გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. მე-80 წუთზე ფიკაიო ტომორიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, დარჩენილ დროში „როსონერიმ“ შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
სიტუაცია განსაკუთრებით შეხვედრის მიწურულს დაიძაბა, როდესაც ერთმანეთს ტეო ერნანდესი და დენზელ დუმფრისი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის გამო მთავარმა მსაჯმა ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა, ორიოდე წუთში კი წითელი ბარათი დავიდ კალაბრისაც უჩვენა.
საგულისხმოა, რომ „ნერაძურიმ“ ისტორიაში პირველად შეძლო „დერბი დელა მადონინაში“ ჩემპიონობის მოპოვება. ასევე, ინძაგის გუნდმა ზედიზედ მეექვსედ შეძლო მილანური დერბის მოგება, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
„ინტერმა“ სერია A-ს ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე იზეიმა. 33 ტურის შემდეგ „როსონერის“ სატურნირო ცხრილში 86 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „მილანს“ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 17 ქულით გაუსწრო.