მეექვსე შეხვედრა იტალიელებთან - როგორია ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 17 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად იტალიელებთან ტესტ-მატჩს გამართავს. ნოემბერში ბორჯღალოსნები ტრადიციულად კიდევ ორ თამაშს ჩაატარებენ, თუმცა დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ხუთი დაპირისპირებიდან ოთხი მოწინააღმდეგის და მხოლოდ ერთი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დამთავრდა. პირველად პრინციპული მეტოქეების გზები 1998 წელს ლაკვილაში გადაიკვეთა და აპენინელებმა 31-14 მოიგეს. ორ წელიწადში იტალიელებმა ქართველები უფრო დიდი სხვაობით, 51-7 დაამარცხეს, 2003 წელს კი ასტიში 31-22 აჯობეს. ამის შემდეგ იყო 15-წლიანი პაუზა და 2018 წელს იტალიის ნაკრებმა ქართველებს ფლორენციაში მძიმე ბრძოლაში, 28-17 აჯობა.
2022 წლის ივლისი კი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული, რადგან ბათუმში აძურა ქართველმა მორაგბეებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს - 28-19. საერთო ჯამში აპენინელებთან ჩატარებულ 5 შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა მეტოქის ჩათვლის მოედანი 8-ჯერ აიღეს და ჯამში 160 ქულა დააგროვეს.
შემოდგომაზე იტალიელებთან მატჩამდე, რიჩარდ კოკერილის მომზადებულ საქართველოს ეროვნულ გუნდს ივლისში ტიერ 1-ის სამ ნაკრებთან ელის ტესტ-მატჩი. ბათუმში ფიჯელებს უმასპინძლებენ, რასაც სტუმრად იაპონელებთან და ავსტრალიელებთან მატჩები მოყვება.