ტოპ ფეხბურთელები პატარა ქვეყნებიდან | Four Four Two-მ ქინქლაძე გამოარჩია
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ საინტერესო რეიტინგი შეადგინა და უმაღლესი დონის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც საფეხბურთო სამყაროს პატარა ქვეყნებს წარმოადგენენ. Four Four Two-ს რჩეულთა შორის გიორგი ქინქლაძეც მოხვდა და „ქინქი“ მე-10 პოზიციას იკავებს.
„გიორგი ქინქლაძე, რომელიც ყველაზე კარგად საუთჰემპტონთან გატანილი საოცარი გოლით გვახსოვს, 90-იან წლებში მანჩესტერ სიტის საკულტო გმირი იყო და მოგვიანებით, პრემიერ ლიგაში დერბი ქაუნთიში თამაშობდა. ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების მაისურით 54 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მისმა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, დიდ ტურნირზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
Four Four Two-ს რეიტინგში პირველ ადგილს ჯორჯ ბესტი იკავებს, მეორე პოზიციაზე ჟორჟ ვეას ვხედავთ, მესამე ერლინგ ჰოლანდია, მეოთხე - ლუკა მოდრიჩი, მეხუთე - გარეტ ბეილი. მეექვსე ადგილზე ლეგენდარულ ბულგარელს, ხრისტო სტოიჩკოვს ვხედავთ. მას რიად მაჰრეზი, გეორგე ჰაჯი და რობერტ ლევანდოვსკი მოჰყვებიან.
ქინქლაძის გარდა, Four Four Two-ს სიაში პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ჰენრიხ მხითარიანი, იარი ლიტმანენი, დუაით იორკი, ალფონსო დევისი, დავიდ ალაბა, მარეკ ჰამშიკი, ფრედერიკ კანუტე, პაულინო ალკანტარა, იან ობლაკი, ხორხე ალბერტო გონსალესი, რაიან გიგზი, ემანუელ ადებაიორი, ნემანია ვიდიჩი, ეიდურ გუდიონსენი, ედინ ჯეკო, კეილორ ნავასი, ტეიფილო კუბილიასი, ხოსე ლუის ჩილავერტი, გორან პანდევი, სტეფან იოვეტიჩი და ალექსანდრ გლები მოხვდნენ.