ბელინგემის გოლი დამატებულ წუთზე - რეალმა 105-ე „ელ კლასიკო“ მოიგო
ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გულშემატკივარმა „ელ კლასიკო“ იხილა.
მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და სანახაობრივ მატჩში 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და კატალონიელებმა ორჯერ შეძლეს დაწინაურება, თუმცა, ორივე შემთხვევაში „რეალმა“ წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის მიწურულს კი გამარჯვებაც მოიპოვა.
ანგარიში მე-6 წუთზე ანდრეას კრისტენსემა გახსნა. დანიელის გოლს მე-18 წუთზე ვინისიუსმა უპასუხა, რომელმაც ტერ შტეგენის კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე ფერმი ლოპესმა „ბარსელონა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა, გოლიდან ზუსტად 4 წუთში ლუკას ვასკესმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ჯუდ ბელინგემმა გაიტანა.
მადრიდის „რეალმა“ ისტორიაში 105-ე „ელ კლასიკო“ მოიგო, „ბარსელონას“ ანგარიშზე 100 გამარჯვებაა, 52 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ამასთან, „სამეფო კლუბმა“ „ბლაუგრანას“ ზედიზედ მეოთხე „ელ კლასიკო“ მოუგო.
ამ გამარჯვებით, კარლო ანჩელოტის გუნდმა სატურნირო ცხრილში „ბარსელონასთან“ უპირატესობა 11-ქულამდე გაზარდა და ლა ლიგის ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა. 32 ტურის შემდეგ „რეალი“ გათამაშებას 81 ქულით ლიდერობს, „ბარსელონა“ კი 70 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.