ვილი სანიოლი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„შენ დღესაც იტირებ, ოღონდ სხვა მიზეზით“ - სანიოლის ინტერვიუ „იმედის კვირაში“

საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მარტის ისტორიული თამაშების დროს მიღებულ ემოციებსა და გულშემატკივრებისთვის აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა.

ზეიმზე

ზოგჯერ პირველი ყველაზე დიდი ნაბიჯია და დანარჩენი ეტაპობრივად მოდის. როდესაც ასეთი დონის ტურნირზე გადიხარ, უდიდესი ბედნიერების გრძნობა გეუფლება, მაგრამ იმისათვის, რომ იგივე კიდევ განიცადო, ზეიმი ცოტა ხანს უნდა შეწყვიტო და შრომა განაგრძო.

პრობლემებზე

თავიდან ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის ასე ვთქვათ კულტურული და მენტალური შეუთავსებლობა იყო - საქართველოში შეიძლება ხალხი იყოს ბედნიერი და გაღიმებული, ზუსტად ორ წამში კი იგივე ხალხი ნაღვლიანი და დამწუხრებული. მე ფრანგი ვარ, ფრანგები კი ასი პროცენტით არც ბედნიერები არიან და არც უბედურები, ჩვენ ვცდილობთ სტაბილურობა შევინარჩუნოთ.

წარმატების საიდუმლოზე

ნიჭი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის - ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინაა. ფეხბურთელი, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის კარგი ფეხბურთელია. ქართველებს სურთ ყველაფერი დღეს და ახლა, ფეხბურთში კი ყველაფერი დღეს და ახლა ვერ ხდება, ორ თვეში წარმატება არ მოდის.

ფეხბურთელების შერჩევაზე

როდესაც ვხედავ მოთამაშეს, რომელიც ხშირად კარგავს ბურთს და დაცვას არ ეხმარება, ან არბიტრს უყვირის და სხვას არაფერს აკეთებს, მე ასეთი ფეხბურთელი ნაკრებში ვერ მეყოლება. გამიჭირდა განსაკუთრებით ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების შერწყმა - ავიღოთ საბერძნეთთან თამაში, ჩვენ რომ არ გვყოლოდა კაშია და კვირკველია, ვერ მოვიგებდით. თუმცა, გამოცდილებასთან ერთად დავითაშვილისა და კვარაცხელიას ენერგიაც საჭირო იყო.

 

გადამწყვეტ მომენტზე

სექტემბერში გვქონდა კოშმარული მატჩი ესპანეთთან და ამ თამაშიდან სამ დღეში ფეხბურთელებმა ნორვეგიასთან ისეთი დისციპლინირებული თამაში მაჩვენეს, თითქმის საბოლოოდ, 90 პროცენტით დავრწმუნდი, რომ ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდა.

პენალტების სერიაზე

11-მეტრიანების სერია მწვრთნელისთვის რელაქსაციის დროა - ამ დროს ფეხბურთელს ვერ ეტყვი საით დაარტყას. ყველა მოთამაშე ყვიროდა, მე მინდა დავარტყა, მე მინდა დავარტყა, რაც ნიშნავდა, რომ მათ არ ეშინოდათ, მათ სურდათ მთავარი გმირები გამხდარიყვნენ. რატომ ავირჩიე ქოჩორაშვილი? რაც ის ჩვენთანაა, ბევრი რამის შეცვლა შეძლო. ესპანეთში ბევრი დრო აქვს გატარებული და განსხვავებული ტაქტიკური კულტურა გააჩნია. როდესაც სია აკეთებ, ყოველთვის ფიქრობ პირველ და ბოლო დამრტყმელზე - პირველმა პოზიტიური დინამიკა უნდა შექმნას, ბოლომ კი გადაწყვიტოს მატჩის ბედი. თამაშის დღეს, დილით კვეკვესკირს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ნანახი მქონდა სამი წლის წინანდელი ვიდეო, სადაც ის ტიროდა და ვუთხარი: „შენ დღეს იტირებ, მაგრამ სხვა მიზეზით. მისი გადამწყვეტი დარტყმის შემდეგ რა მოხდა არ მახსოვს. მე ვიყავი ბავშვი და უამრავი ადამიანი მეხუტებოდა.

კრიტიკოსებზე

ბევრი ადამიანი მოვიდა გამარჯვების შემდეგ ჩემთან და მითხრეს, ბოდიშს გიხდით, რადგან შარშან გაბრაზებული ვიყავი შენზე, არაფერია საბოდიშო. ეროვნული ნაკრები ყველასია. მე ვარ დარწმუნებული, რომ სწორ გზაზე ვართ, ადამიანები ვინც შეურაცხყოფას მაყენებენ, არ იციან რეალურად რა ხდება და მეორე, არ არიან ბედნიერი თავისი ცხოვრებით და ხანდახან მეცოდებიან. თუ ჩემი კრიტიკით ბედნიერები გახდებიან, მაშინ კარგი, ასე განაგრძონ.

სამომავლო გეგმებზე

როდესაც რაღაც მომენტში მივხვდები, რომ აღარ ვარ საქართველოს ნაკრების შესაფერისი მწვრთნელი და ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი, მაშინ მე თავად წავალ. ახლა ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და არსად წასვლა არ მინდა.

შეგახენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანია უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სანიოლის მომზადებული გუნდი ტურნირს 18 ივნისს თურქებთან მატჩით დაიწყებს, 22 ივნისს მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირება, ჯგუფურ ეტაპს კი 26 ივნისს პორტუგალიელებთან თამაშით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიდანს სანიოლი ამჯობინეს
ზიდანს სანიოლი ამჯობინეს