შოთა არველაძე
Aa
Aa

შოთამ აიაქსის ლეგენდებში ითამაშა და BIF All Stars-თან 4:2 გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა შოთა არველაძემ „აიაქსის’’ ლეგენდების გუნდში BIF All Stars-ის წინააღმდეგ ითამაშა, შოთას გუნდმა 4:2 მოიგო.

ასევე გეტყვით, რომ მატჩამდე შოთა ზეედორფთან და კანუსთან ერთად ზეედორფის საკუთრებაში მყოფ სამოყვარულო გუნდს ეწვია. ზეედორფი, კანუ და არველაძე ბავშვებს პასის შესრულებასა და დარტყმაში ავარჯიშებდნენ, პატარებს ცოდნა გაუაზიარეს.

„აიაქსის'' ლეგენდების მხრიდან გოლები რაიან ბაბელმა, კიკი მუსამპამ და სიმ დე იონგმა შეაგდეს, საპასუხო გოლი კლარენს ზეედორფის აქტივშია. ასევე, ორივე გუნდმა თითო-თითო ავტოგოლი გაიტანა.

შოთასთან ერთად „აიაქსის’’ ლეგენდების გუნდში არონ ვინტერმა, იარი ლიტმანენმა, უესლი სნეიდერმა, რიხარდ ვიჩგემ, მაქსველმა, ფრენკ დებურმა, რონალდ დებურმა და სხვა ვეტერანები ითამაშეს.

„აიაქსის’’ ლეგენდების მეტოქე Black Impact Foundation-ის All Stars-ი იყო, რომლის შემადგენლობაში დიდიე დროგბა, კლოდ მაკელელე, კლარენს ზეედორფი, კრისტიან კარამბე, დიდა, როკე ჟუნიორი და სხვა ცნობილი სახეები ვიხილეთ, მათ უმეტესობას აფრიკული ფესვები აქვთ. 

პროექტის მიზანი ერთიანობის, სპორტული ოსტატობისა და მეგობრული სულისკვეთების გამოვლენაა. მატჩისგან მიღებული ფინანსური სარგებელი სხვადასხვა სახის სტიპენდიებზე, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამებზეა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „აიაქსში'' 1997-2001 წლებში თამაშობდა, ნიდერლანდების ჩემპიონატი (1997-98) და თასი (1997-98, 1998-99) მოიგო. შოთამ ყველა ტურნირის გათვალისწინებით „აიაქსისთვის'' ჩატარებულ 125 მატჩში 72 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები