ვილი სანიოლი, ტიერი ანრი, როჟე ლემერი, ჟაკ სანტინი
Aa
Aa

სანიოლის ევროსტატისტიკა ფეხბურთელის ამპლუაში

ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე და საქართველოს ნაკრები სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გამოვა. როგორი შედეგები აქვს ფრანგს ევროპის პირველობაზე მოთამაშის ამპლუაში, საინტერესო გასახსენებელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სანაკრებო დონეზე მან უფრო დიდ წარმატებას მუნდიალზე მიაღწია, როდესაც 2006 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სანიოლის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2000 წელს შედგა, თუმცა ბელგია-ნიდერლანდებში გამართულ ევროპირველობაზე განაცხადში ვერ მოხვდა და შესაბამისად, როჟე ლემერის მომზადებულმა ფრანგებმა ოქროს მედლები მის გარეშე მოიგეს. ოთხი წლის შემდეგ პორტუგალიაში გამართულ კონტინენტის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელებთან და ხორვატებთან სანიოლი თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო. მესამე ტურში შვეიცარიელეთან ძირითადში მოხვდა, თუმცა ჟაკ სანტინიმ შესვენების შემდეგ ტრავმის გამო შეცვალა და შესაბამისად, ბერძნებთან წაგებული მეოთხედფინალის გამოტოვებაც მოუწია. ევრო 2008-ზე კი საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, სამ შეხვედრაში კი გუნდიდან ერთადერთი გოლი ტიერი ანრიმ სწორედ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის პასით გაიტანა.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ. ის ერთადერთი ფრანგია ისტორიაში, რომლის ხელმძღვანელობითაც უცხო ქვეყნის ნაკრები კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გერმანიაში „საშოპინგოდ“ და ტურისტებად არ მივდივართ“ - სანიოლის ინტერვიუ The Athletic-თან
„გერმანიაში „საშოპინგოდ“ და ტურისტებად არ მივდივართ“ - სანიოლის ინტერვიუ The Athletic-თან