ოცდაცამეტიდან თორმეტში საუკეთესო იყო - შენგელიას სტატისტიკა წლევანდელ ევროლიგაზე
„ვირტუს ბოლონიამ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც თორნიკე შენგელიაა, საქართველოს ნაკრების კაპიტნის ყოფილ გუნდ „ბასკონიასთან“ 77-89 მარცხის შემდეგ ევროლიგაზე გამოსვლა დაასრულა. ბოლონიელებისთვის სეზონის სტარტი ძალიან წარმატებული იყო და ერთი პერიოდი ისინი სატურნირო ცხრილში მხოლოდ ესპანეთის გრანდებს, „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩებოდნენ, თუმცა შემდეგ ლუკა ბანკის მომზადებულ გუნდს ჩავარდნა დაეწყო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად პლეი ინის თამაშიც დასჭირდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და პლე ოფის გარეშე დარჩა.
იტალიის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი თორნიკე შენგელია იყო - 33 შეხვედრაში 32 წლის ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 480 ქულა, 166 მოხსნა და 110 შედეგიანი გადაცემაა. ყველაზე მეტი 27 ქულა თოკომ 8 დეკემბერს „მაკაბისთან“ შეხვედრაში დააგროვა, ორმაგი დუბლი მხოლოდ ერთხელ „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ შეასრულა და ოცდაცამეტი მატჩიდან თორმეტში თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო. მოხსნების რაოდენობით (11) გამორჩეული თამაში შენგელიას „პანათინაიკოსთან“ ჰქონდა, ყველაზე მეტჯერ 6-ჯერ კი თანაგუნდელებს ასისტენტობა „ეფესთან“ და „ვალენსიასთან“ მატჩებში გაუწია.
ევროლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად ბოლონიელებს შანსი აქვთ სეზონი ტიტულით მაინც დაასრულონ, რადგან ისინი იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვიან - 19 მოგებითა და 8 წაგებით „ვირტუსი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და 28-ე ტურში ხვალ „რეჯინა“ უმასპინძლებს.