ნაპოლისთან მატჩამდე 3 დღით ადრე - რომას კალენდარი კიდევ უფრო გადაიტვირთა
იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრა, „უდინეზე“ – „რომა“, რომელიც სტუმართა გუნდის მცველის, ევან ნდიკას შეუძლოდ გახდომის გამო შეწყდა, ოთხშაბათს დასრულდება, რითაც „ჯალოროსის“ ხელმძღვანელები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. ისინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტისგან ითხოვდნენ, რომ ეს თამაში მაისში დაესრულებინათ, რადგან მომდევნო შაბათ-კვირას პრინციპულ მეტოქე „ნაპოლისთან“ სტუმრად უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება უწევთ და ძალების აღდგენას ვერ მოასწრებდნენ. კომიტეტის ხელმძღვანელები ამაზე უარს არ აცხადებდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების წარმომადგენლების ხმის მიცემის შედეგად მიიღეს და როგორც ამბობენ, რომაელების თხოვნის გათვალისწინებაზე უარი „ვერონამ“, „ატალანტამ“ და „ემპოლიმ“ განაცხადეს, რისი მიზეზიც უცნობია.
„რომა“ „ატალანტასთან“ და “ფიორენტინასთან“ ერთად, ერთ-ერთია იტალიის იმ სამ გუნდს შორის, რომლებიც ევროტურნირებს ჯერ კიდევ შემორჩნენ და ორ ფრონტზე ბრძოლას განაგრძობენ, რის გამოც საკმაოდ გადატვირთული კალენდარი აქვს. რაც შეეხება ოთხშაბათს „უდინეზესთან“ გასამართ თამაშს, ცნობილია, რომ ის 70-ე წუთიდან, ანუ იმ დროიდან გაგრძელდება, როდესაც მატჩი შეწყდა და იმ მომენტისთვის არსებული ანგარიში, 1-1 ძალაში იქნება.
ოცდათერთმეტი თამაშის შემდეგ „ჯალოროსო“ 55 ქულით მე-5 პოზიციაზეა და მერვეზე მყოფ „ნაპოლის“ 6 ქულით უსწრებს, თუმცა ნეაპოლელებთან შედარებით დედაქალაქელებს მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. მომდევნო კვირაში უდინესა და კამპანიაში გასამართ შეხვედრებამდე, დანიელე დე როსის შეგირდებს ორშაბათსაც არანაკლებ რთული გამოცდა ელით და მათი მეტოქე „სტადიო ოლიმპიკოზე“ წლევანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენა, მეოთხე ადგილზე მყოფი „ბოლონია“ იქნება.