სანიოლის ლობისტი გადადგა - ირლანდია მწვრთნელის ძებნას განაგრძობს
ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის უმაღლეს ეშელონებში დიდი ცვლილებები მოხდა, რის შემდეგაც მათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის მიწვევაზე მუშაობა შეწყვიტეს. ფრანგს ლობირებდა ასოციაციის გენერალური დირექტორი ჯონათან ჰილი, რომელმაც გადადგომის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ჰილის მოვალეობას ამჟამად დევიდ კურელი ასრულებს, რომელსაც ახალი მწვრთნელის მოძებნაში პოლ კუკი და პაკი ბონერი ეხმარებიან. ეს ტრიო თავიდანვე როი კინის დანიშვნაზე მუშაობდა, თუმცა ჰილი უფრო უცხოელი სპეციალისტის მიწვევაზე ფიქრობდა და მოლაპარაკებებს სანიოლის გარდა, გუსტავო პოიეტთან აწარმოებდა.
მას შემდეგ რაც ფრანგმა საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ხოლო პოიეტმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, დღის წესრიგში ისევ კინზე აქცენტის გადატანა დადგა, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელები არ ჩქარობენ და მუდმივი მწვრთნელის დანიშვნას სექტემბრამდე არ აპირებენ. რაც შეეხება ივნისში უნგრელებთან და პორტუგალიელებთან გასამართ სპარინგებს, ამ თამაშებისთვის გუნდს სავარაუდოდ ისევ ჯონ ო’ში მოამზადებს.