ჰერტასთან მისი თამაში საეჭვოა - მწვრთნელმა ზივზივაძეზე ისაუბრა
კვირას, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ სტადიონზე „ჰერტას“ უმასპინძლებს და ამ მატჩში ბუდუ ზივზივაძის თამაში საეჭვოა. წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა უამრავი საკითხის გარდა, 30 წლის ქართველ ფორვარდზეც ისაუბრა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ვირუსული ინფექციის გამო ბოლო ორი დღე სრული დატვირთვით არ უვარჯიშია და რამდენად მოასწრებს კვირამდე გამოჯანმრთელებას, ჯერჯერობით უცნობია.
მომავალ შეხვედრას ორივე გუნდისთვის უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს - ოცდაცხრა ტურის შემდეგ „ჰერტა“ მეექვსე ადგილზეა და მეშვიდე პოზიციაზე მყოფ „კარლსრუეს“ მხოლოდ ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ზივზივაძე და მისი თანაგუნდელები ბერლინელებს გადაუსწრებენ.
ბუდუს ანგარიშზე მიმდინარე ბუნდესლიგაში 10 გოლია და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ ბოსნიელ ჰარის ტაბაკოვიჩს 9 ბურთით ჩამორჩება. „ჰერტასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ, “კარლსრუეს“ მეორე ბუნდესლიგაში კიდევ ოთხი შეხვედრა დარჩება ჩასატარებელი - სტუმრად „ნიურნბერგთან“, „ჰანზასთან“ და „ელვერსბერგთან“, ხოლო საკუთარ მოედანზე „ჰანოვერთან“.