ზიდანი ბაიერნს შეუთანხმდა - ფრანგი მიუნხენში ზაფხულში ჩავა
ზინედინ ზიდანმა „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და მომავალი სეზონიდან „რეკორდმაისტერს“ ჩაიბარებს. ინფორმაციას გავლენიანი კატალონიური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს. მას შემდეგ რაც იულიან ნაგელსმანმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მიუნხენელებისთვის პრიორიტეტული ფრანგის კანდიდატურა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანს ხელფასის თაობაზე განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს, უბრალოდ ის კლუბის ხელმძღვანელებისგან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას და განსაკუთრებით დაცვის ხაზის გაძლიერებას ითხოვს, რაზეც როგორც ჩანს, თანხმობა მიღებული აქვს. შეგახსენებთ, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დაასრულოს „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა, მიმდინარე სეზონის ბოლოს ტომას ტუხელის წასვლა გადაწყვეტილია.
ზიდანს სამწვრთნელო კარიერის მთლიანი პერიოდი „რეალში“ აქვს გატარებული, სადაც ორ ეტაპად, 2016-2018 და 2019-2021 წლებში მუშაობდა. სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში გახდა „ბლანკოსი“ ისტორიაში ერთადერთი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ჯამში ზიდანის ხელმძღვანელობით 320 მატჩიდან მადრიდელებმა 200 მოიგეს, 70 ფრედ დაასრულეს და 50 წააგეს.