„დარწმუნებული თუ არ ხარ, თავი უნდა შეიკავო“ - განხეთქილება ბარსაში
„ბარსელონაში“ გასახდელში პსჟ-სთან მატჩის შემდეგ არეულობა და განხეთქილებაა.
რონალდ არაუხოს უხეში შეცდომის შემდეგ, რომელმაც „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა, გუნდელებმა ურუგვაელის ეს ქმედება კარგად არ მიიღეს. ყველაზე მეტად კი ამ ფაქტით ილქაი გიუნდოგანი დარჩა იმედგაცრუებული, რომელმაც სათქმელი საჯაროდ თქვა.
„სიმართლე გითხრათ, მატჩის დროს არაუხოს მომენტი კარგად ვერ დავინახე. თუ, რონალდი შეცდა, ალბათ მან გაძევება დაიმსახურა. როცა ასე თამაშის გადაწყვეტილებას იღებ, დარწმუნებული უნდა იყო, გაქვს თუ არა ბურთის მოპოვების შანსები. წინააღმდეგ შემთხვევაში უხეშობისგან თავი უნდა შეიკავო.
ასეთ დროს უკეთესია, რომ მეტოქეს მეკარესთან პირისპირ გასვლის შანსი მისცე, მან შესაძლოა მომენტი ვერ გამოიყენოს, მაგრამ თუნდაც გოლი გაუშვა. მატჩის დასაწყისში მიღებული წითელი ბარათი, ასეთ დროს ყველაფერს ასრულებს.
ეს ჩემპიონთა ლიგაა და როცა ასეთ დროს კაცნაკლული რჩები, შემდეგ ქამბექი შეუძლებელია“.
- თქვა გიუნდოგანმა.
არაუხომ გუნდელს პასუხი გუშინ გასცა:
„მირჩევნია გიუნდოგანის სიტყვებზე კომენტარისგან თავი შევიკავო. მე ჩემი ღირებულებები გამაჩნია, რომელსაც ვფიქრობ, ყველამ პატივი უნდა სცეს“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ პსჟ-ს ორი მატჩის ჯამში 4:2-ს უგებდა. 29-ე წუთზე კი არაუხოს უხეში შეცდომის შედეგად კაცნაკლულნი დარჩნენ და საბოლოოდ, პარიზელებმა 6:4 გაიმარჯვეს.