„მამარდაშვილი გიგანტი ხდება“ | ვალენსიური გაზეთის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილი გიგანტი ხდება“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Superdeporte და „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე ვრცლად წერს. ცნობილი გაზეთი „მამარდას“ პროგრესზე საუბრობს და მასთან დაახლოებული ადამიანების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გვიზიარებს.
„2023 წლის ბოლოს, რაიო ვალეკანოსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ვალენსიამ სტუმრად გოლი მიმდინარე სეზონში პირველად არ გაუშვა, რუბენ ბარახამ გიორგი მამარდაშვილის პროგრესზე ისაუბრა. ღამურების თავკაცმა განაცხადა, რომ მამარდას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ გუნდის საკვანძო მოთამაშეა და ჩეს ქულების მოპოვებაში ეხმარება. ბარახას განცხადებიდან 4 თვეა გასული და ქართველი მეკარის პროგრესი ბევრად შესამჩნევია. სუსტი წერტილების გამოსწორების შემდეგ, საქართველოს ნაკრების გმირი ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მეკარე გახდა და მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ გოლკიპერს შორისაა.
Superdeporte მამარდაშვილთან ძალიან დაახლოებულ ადამიანებს დაუკავშირდა და მათი აზრით, გიორგის პროგრესის საიდუმლო სიმშვიდე, მენტალიტეტი და ყოველდღიურად, ხოსე მანუელ ოჩოტორენასთან თავდაუზოგავად მუშაობაა. მატჩების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გიორგი დაღვინდა, მოედანზე ყოფნისას, წნეხს კარგად უმკლავდება და ნერვებს არ ჰყვება. თავდაჯერებულობის წყალობით, მან ფეხით თამაში და გამოსვლებზე თამაში გააუმჯობესა და პენალტების მხრივაც მომატებული აქვს. მიმდინარე სეზონში, ქართველმა მეკარემ საკუთარი სისუსტეები აღმოფხვრა და გუნდის საკვანძო მოთამაშე, ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი და ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.
მამარდაშვილის წინსვლა ვალენსიას საწვრთნელ ბაზაზე გაწეული სამუშაოს დამსახურებაა. გიორგიმ პროგრესს რუბენ ბარახას, ტონი სელიგრატისა და ოჩოტორენას დახმარებით მიაღწია. შარშან, ახალი სამწვრთნელო შტაბი გამოვიდა ინიციატივით, რომ მამარდას ვარჯიშებისას განსაკუთრებული ყურადღება მეორე სართულზე თამაშისთვის და კარის უსაფრთხოებისთვის დაეთმო. ბარახას გუნდს, ტაქტიკური გადმოსახედიდან, დომინანტი მეკარე სჭირდებოდა და გიორგი იდეალური კანდიდატურა გახლდათ. მისგან საჭირო იყო, უფრო თავდაჯერებული გამხდარიყო, მცველებთან კომუნიკაცია გაეუმჯობესებინა, გამოსვლებისას დრო კარგად შეერჩია და ფეხით თამაშის მხრივ მოემატებინა. გიორგიმ გაკვეთილები კარგად აითვისა და როცა გამოსვლებზე ბურთს ხელში ვერ იჭერს, მას მუშტებით იგერიებს.
გამოსვლებზე და ფეხით თამაშის მხრივ, მას მოსამატებელი კიდევ აქვს, მაგრამ თერთმეტმეტრიანებს რაც შეეხება, აშკარაა, რომ უდიდესი წინსვლა განიცადა. საბერძნეთთან მატჩში, მან ერთი პენალტი მოიგერია, მეორე თერთმეტმეტრიანი კი კარში რომ წასულიყო, მასაც აიღებდა. ამ ორმა მომენტმა იგი საქართველოს ლეგენდად აქცია, ვალენსიას რაც შეეხება, შედეგი მესტალიაზეც აშკარაა. პირველი 17 პენალტიდან მამარდაშვილმა მხოლოდ 1 აიღო, ბოლო 4-დან კი - 3. ბოლო რვა თვის განმავლობაში, თერთმეტმეტრიანი მამარდას მხოლოდ რუბენ ალკარასმა გაუტანა და ანტე ბუდიმირის ეპიზოდი ცხადყოფს, წარმატების ფორმულა როგორ შეიცვალა. მამარდაშვილმა იცოდა, რომ ბუდიმირი ბოლო მომენტს ელოდება, რათა ნახოს, მეკარე საით ხტება და შემდეგ ურტყამს. გიორგი ნაადრევად არ გადახტა და ბუდიმირის კურიოზული შეცდომის მიუხედავად, ეს მომენტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ოჩოტორენას ერთ-ერთი დავალება მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შესწავლაა და ამაში გიორგის ხაუმე დომენეკიც ეხმარება“, - წერს Superdeporte.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი კარი მშრალად ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მე-12 შეხვედრაში შეინახა.